ახალი ამბები

საპატრიარქო კვლავ არ აფიქსირებს პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

30 სექტემბერი, 2018 • 2640
საპატრიარქო კვლავ არ აფიქსირებს პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საკუთარ პოზიციას კვლავ არ ახმიანებს. საპატრიარქო დღეს, 30 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება აუცილებელია.

“მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მათგანის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია.

საერთოდ, ეს თემა არის მეტად სათუთი და, პირველ რიგში, ამ ორ საპატრიარქოს შორის განსახილველი და გადასაწყვეტი.

რა თქმა უნდა, ორივე მათგანი გრძნობს პასუხისმგებლობას მილიონობით მართლმორწმუნეთა წინაშე, უფრთხილდება მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას და ვიმედოვნებთ, ყოველმხრივ შეეცდებიან, მოძებნონ გზები პრობლემების მშვიდობიანად  მოგვარებისა, რისთვისაც ჩვენც ვლოცულობთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საპარტრიარქომ უკრაინის საკითხზე კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის წარმოშობილ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინაც გაავრცელა, რომლითაც სასულიერო პირებს როგორც ბართლომეს, ისე კირილის შეურაცხყოფისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.


უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოების მწვავე დავის საგანია, საქართველოს ეკლესიას ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია ერთიანი პოზიცია. თუმცა კიევის პატრიარქი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში კიევი საქართველოს მხარდაჭერას ელის.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია პატრიარქმა ბართლომემ 23 სექტემბერს. სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახადა: როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებს “მოსკოვის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრას” უწოდებს. რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქის ლოცვებში მოხსენიება უკვე შეწყვიტა.

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი