ახალი ამბები

ციკლონი “ზორბა” საბერძნეთის შემდეგ, თურქეთს მიუახლოვდა

30 სექტემბერი, 2018 • 4924
ციკლონი “ზორბა” საბერძნეთის შემდეგ, თურქეთს მიუახლოვდა

საბერძნეთის შემდეგ, ციკლონი “ზორბა” თურქეთის დასავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა. თურქეთის სპეციალური სამსახურების ცნობით, ხმელთაშუაზღვიური ქარიშხალი ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, კერძოდ იზმირს, ასევე სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კურორტებსა და ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებს ემუქრება.

Hurriyet-ის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობა სტიქიისა და მისაღები ზომების შესახებ გუშინ, 29 სექტემბერს გააფრთხილეს.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი წვიმა და შტორმი იზმირის, აიდინის, მუღლასა და სხვა ახლომდებარე ქალაქების გარდა, ჩრდილოდასავლეთით მდებარე პროვინციებში, მათ შორის, ბალიქესირში, ჩანაქქალესა და ედირნეშია მოსალოდნელი.

CNN-ის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ და ქარმა, შესაძლოა, წყალდიდობები გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტს.

მსგავსი ტიპის ქარიშხლები, ძირითადად, ეკვატორთან ახლოს ხდება, თუმცა, როგორც გეოგრაფმა ჰასან ჩაქურმა სახელმწიფო გამოცემა “ანადოლუს” განუცხადა, კლიმატის ცვლილების ფონზე, აღნიშნული ტიპის სტიქიათა რისკი თურქეთშიც იზრდება.

ხმელთაშუაზღვიური შტორმის დასრულებას 1 ოქტომბრისთვის ელიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი