ახალი ამბები

ილონ მასკს ტესლას თავმჯდომარის პოსტის დატოვება და ჯარიმის გადახდა დაეკისრა

30 სექტემბერი, 2018 • 3024
ილონ მასკს ტესლას თავმჯდომარის პოსტის დატოვება და ჯარიმის გადახდა დაეკისრა

ილონ მასკმა კომპანია ტესლას თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს და და ჯარიმა გადაიხადოს. BBC-ის ცნობით, აღნიშნულ შეთანხმებას მასკმა აშშ-ს მარეგულირებელ უწყებებთან მიაღწია მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღიძრა.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების ფედერალური კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, ილონ მასკი შეინარჩუნებს ტესლას აღმასრულებელი ოფიცრის პოსტს, თუმცა თავმჯდომარის ადგილს სამი წლით დაემშვიდობება. თანამდებობა მან 45 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს. ამავე შეთანხმების მიხედვით, მასკმა $20 მილიონიანი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

ფედერალურმა კომისიამ მასკის წინააღმდეგ საქმე მიმდინარე წლის აგვისტოში, მის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტების გამო აღძრა. მასკი წერდა, რომ სურდა, ტესლა კერძო კომპანიად ექცია და თითოეული აქციის გამოსასყიდად მზად იყო, $420 გადაეხადა. ფედერალური კომისია აცხადებდა, რომ აღნიშნული განცხადებები ყალბი და შეცდომაში შემყვანი იყო.

ილონ მასკი კომპანია ტესლასა და სარაკეტო კომპანია Space X-ის დამფუძნებელია. Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ის 25-ე ადგილს იკავებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი