მიწისძვრა ინდონეზიაში. ფოტო: EPA/MAST IRHAM

მიწისძვრა და ცუნამი – ინდონეზიაში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

ინდონეზიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლი 832 ადამიანს ითვლის.

BBC-ის ცნობით, პარასკევს მომხდარი სტიქიის ზონა იმაზე დიდი აღმონჩნდა, ვიდრე ამ დრომდე ეგონათ. 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები, მაშველები კი მათ დახმარებას, ხშირ შემთხვევაში, შიშველი ხელებით ცდილობენ.

მიწისძვრა ინდონეზიაში. ფოტო: EPA/MAST IRHAM

მიწისძვრა ინდონეზიაში. ფოტო: EPA/MAST IRHAM

მიწისძვრამ და ცუნამიმ განსაკუთრებით ინდონეზიის კუნძული სულავესი და მასზე მდებარე ქალაქი პალუ დააზარალა. მიწისქვეშა ბიძგებმა სხვა ნაგებობებთან ერთად სავაჭრო ცენტრი, მეჩეთი, საავადმყოფო და ხიდი გაანადგურა. არანაკლებ დამაზიანებელი აღმოჩნდა ცუნამი და 6 მეტრიანი ტალღები, რომლებმაც ქუჩები და შენობები დატბორა.

BBC იუწყება, რომ სტიქიამდე ცოტა ხნით ადრე, ქალაქ პალუს სანაპიროზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთაც იქ დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობა სურდათ. ბევრი მათგანი დამანგრეველი ტალღების მსხვერპლი გახდა.

მიწისძვრა ინდონეზიაში. ფოტო: EPA/MAST IRHAM

მიწისძვრა ინდონეზიაში. ფოტო: EPA/MAST IRHAM

წითელი ჯვრის ცნობით, სტიქიის ზონაში 1.6 მილიონი ადამიანი ექცევა.

“ეს უკვე ტრაგედიაა, თუმცა ის, შესაძლოა, ბევრად უარესი გახდეს”, – აცხადებს ორგანიზაცია.

დედაქალაქ ჯაკარტიდან სტიქიის ზონაში დახმარება უკვე გაიგზავნა. დაშავებულებს ექიმები ღია ცის ქვეშ მკურნალობენ, ვინაიდან საავადმყოფოები მიწისძვრამ დაანგრია. დაზარალებულებს ადგილზე ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები”-ც ეხმარება.

სტიქიისას დაღუპულთა გამო ინდონეზიას, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველომაც მიუსამძიმრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან