წყალდიდობა საბერძნეთში. ფოტო: EPA/EVANGELOS BOUGIOTIS

ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმი – საბერძნეთს ციკლონი “ზორბა” უტევს

საბერძნეთის თავდაცვის სამსახურები მოსახლეობას ძლიერი წყალდიდობებისა და შტორმის შესახებ აფრთხილებენ. მიზეზი ხმელთაშუაზღვიური ციკლონი “ზორბაა”, რომელმაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, პელოპონესს, შაბათს მიაღწია.

Greek Reporter-ის ცნობით, ზღვისპირა ქალაქებში 90 მ/წმ სიჩქარის ქარია, ძლიერად წვიმს და ძლიერი ტალღებიც შეინიშნება. მდინარეებში წყლის დონე უკვე იწევს, ზღვისპირა რეგიონებში კი შტორმი მძვინვარებს.

Greek Reporters ქალაქ მეტონიში გადაღებულ ვიდეოსაც ავრცელებს, რომლის სანაპიროზეც შტორმმა ქაოსი შექმნა და ნავები გადააბრუნა.

სპეციალურმა სამსახურებმა დღეს და ხვალ მოსალოდნელი სტიქიის შესახებ, ძირითადად, პელოპონესის, ცენტრალური საბერძნეთის, თესალიის, კიკლადებისა და დასავლეთ კრეტის მოსახლეობა გააფრთხილეს. ამავე ზონაშია ათენიც. უხვ ნალექსა და შტორმს, განსაკუთრებული სიძლიერით, სწორედ ამ დროს ელიან, რაც წყალდიდობების რისკს ზრდის.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, არეალი, რომელიც ციკლონით არ დაზარალდება, იონიის ზღვის სამხრეთს, ეპირუსსა და დასავლეთ მაკედონიას მოიცავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან