კუკავას პარტია აცხადებს, რომ ტელევიზიებმა მათი რეკლამა ქსენოფობიურად მიიჩნიეს და არ გაუშვეს

როგორც პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველო” აცხადებს, ტელევიზიებმა — იმედმა, მაესტრომ და აჭარის ტელევიზიამ — ეთერში არ გაუშვეს კახა კუკავას შტაბის მიერ მიწოდებული საარჩევნო რეკლამა, რადგან იგი “ქსენოფობიურად მიიჩნიეს”.

კუკავას პარტიის განმარტებით, ვიდეორგოლში “საუბარია ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებზე, საფთხეებზე, რომლებიც შეიძლება ქვეყანას დაემუქროს უკონტროლო იმიგრაციით და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების აუცილებლობაზე”.

ვიდეორგოლში კუკავა ამბობს, რომ “ჩვენს პატარა ერს XXI საუკუნეში ემუქრება გაქრობა”, ხოლო იმ დროს, როდესაც “ათიათასობით მიგრანტს” ახსენებს “თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან”, კადრი გადადის ქალებზე, რომლებსაც ნიქაბით არიან შემოსილები. ამის შემდეგ ამბობს, რომ ამის ნაცვლად, “მთავრობა უნდა ზრუნავდეს მრავალშვილიან ოჯახებზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე”.

“ნეტგაზეთმა” აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს, ჰკითხრა, რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება. კაპანაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ვიდეომასალა მიიღეს, შიდა კომისიამ, რომელიც ჩვეულებრივ შეისწავლის მაუწყებელში შემოსულ სოციალურ და პოლიტიკურ რეკლამებს, იმსჯელა და დაასკვნა, რომ შესაძლოა, რეკლამაში “ქსენოფობიური ნიშნები იკვეთებოდეს”. კაპანაძის თქმით, ეს რეკლამა “სცილდება პოლიტიკური დისკუსიის ფორმას”.

მაუწყებელმა მიმართა მარეგულირებელს — კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და აცნობა ამ გადაწყვეტილების შესახებ პარტიას. “ველოდებით მათ რეკომენდაციას”, გვითხრა კაპანაძემ და ნეტგაზეთის კითხვის პასუხად დასძინა, რომ მარეგულირებლის პასუხის შემდეგ, შიდა კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს რეკლამაზე და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, განათავსოს თუ არა რგოლი ეთერში.

“მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელი პასუხისმგებლობას იხსნის რეკლამის შინაარსზე, ვფიქრობთ, რომ ქსენოფობია არის ის საფრთხე, რომლის გაღვივების შემთხვევაში, შესაძლოა, დამატებითი უარყოფითი პროცესები განვითარდეს. განსაკუთრებულად ვფრთხილობთ ამ თემაზე”, ამბობს აჭარის ტელევიზიის დირექტორი.

პარტია აპირებს, არხების წინააღმდეგ საჩივრით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართოს. ისინი მოითხოვენ, მარეგულირებელმა დაადგინოს “ადმინისტრაციული პრაქტიკა მაუწყებლებისთვის, რომელიც გამორიცხავს ცენზურას და კანდიდატებს მისეცემს კანონით მინიჭებული უფლებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობას”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.