ახალი ამბები

მერკელი ერდოღანს – მეტი მტკიცებულება გვჭირდება, რომ გიულენის მოძრაობა არალეგალურად ვცნოთ

29 სექტემბერი, 2018 • 2415
მერკელი ერდოღანს – მეტი მტკიცებულება გვჭირდება, რომ გიულენის მოძრაობა არალეგალურად ვცნოთ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ბერლინს მეტი მტკიცებულება სჭირდება მანამ, სანამ მუსლიმი მქადაგებლის, ფეთიულა გიულენის მოძრაობას არალეგალურად აღიარებს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ მან ბერლინში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანამდე, ერდოღანმა გერმანიაში მყოფი გიულენის მხარდამჭერების ექსტრადირება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ისინი ბერლინმა ტერორისტებად უნდა გამოაცხადოს. მისი თქმით, გერმანია გიულენთან კავშირში მყოფ ასობით ადამიანს იფარავს.

“ორმხრივი ნდობა და შეთანხმებული მოქმედება თურქეთისა და გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებსა და სამინისტროებს შორის საკითხებს გააადვილებს”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

საპასუხოდ, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ზემოაღნიშნულისთვის მტკიცებულებების სჭირდება.

“ჩვენ სერიოზულად ვიღებთ მტკიცებულებას, რომელიც თურქეთმა წარმოადგინა, მაგრამ მეტი დასაბუთება გვჭირდება იმისთვის, რომ [გიულენის მოძრაობა] დავაკლასიფიციროთ ისე, როგორც “ქურთისტანის მუშათა პარტია” “, – თქვა ანგელა მერკელმა.

 

ფეთიულაჰ გიულენის მოძრაობას ერდოღანის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას ედავება და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. გადატრიალებაში მონაწილეობისა და გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთში ათობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამავე საბაბით მთავრობამ ასობით მედიასაშუალება, სკოლა და უნივერსიტეტი დახურა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი გერმანიაში 27 სექტემბერს დაიწყო და სამ დღეს გასტანს. ბერლინში ვითარებას პოლიცია აკონტროლებს, ვინაიდან ვიზიტისას ერდოღანის მომხრეები და მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ქუჩაზე ერთდროულად აწყობენ დემონსტრაციებს.

დევნა რიცხვებში – თურქეთის 2 წელი გადატრიალების მცდელობიდან[ინფოგრაფიკა]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი