ახალი ამბები

რიგების გამო იუსტიციის სახლი დღეს, 22:00 საათამდე იმუშავებს

28 სექტემბერი, 2018 • 2577
რიგების გამო იუსტიციის სახლი დღეს, 22:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის იუსტიციის სახლი დღეს, 28 სექტემბერს, მომხმარებელს 22:00 საათამდე საგანგებო რეჟიმში მიიღებს

იუსტიციის სახლის განცხადების მიხედვით, მომხმარებლები, რომლებმაც შესაბსმისი მომსახურებისთვის მიცემული ვადები არ გამოიყენეს  და მხოლოდ დღეს მიმართეს იუსტიციის სახლს, რამაც იუსტიციის სახლში ნაკადების მკვეთრად ზრდა გამოიწვია, იუსტიციის მინისტრის განკარგულებით, მომსახურების მიღებას დღეს, 22 საათამდე შეძლებენ.

თბილისის იუსტიციის სახლში რიგების მიზეზად ტაქსებისა და იმ იურიდიული პირების რეგისტრაციას ასახელებენ, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ.

ტაქსით მომსახურების ლიცენზიის აღების ვადა პირველ ოქტომბერს იწურება. 16:00 საათის მონაცემებით, ნებართვა 9 154 მძღოლს აქვს აღებული. იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ მძღოლების უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა.

უწყების ინფორმაციით, 16:00 საათის მდგომარეობით, იუსტიციის სახლი უკვე მოემსახურა 7000-ზე მეტ მომხმარებელს, მათგან  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე – 2263 მომხმარებელს, ხოლო ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღების მიმართულებით- 753 მომხმარებელს.

18:00 საათის მონაცემებით , საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით რიგს კიდევ 2073 მომხმარებელი ელოდება. აღსანიშნავია, რომ რეკორდულია არა მარტო იუსტიციის სახლში მისული მომხმარებლის, არამედ ანალოგიურ დროში გაცემული სერვისების რაოდენობაც. იუსტიციის სახლი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში ცდილობს მომხმარებლის მომსახურებას და მუშაობის გააგრძელებს მანამ, ვიდრე ყველა მათგანი არ მიიღებს სასურველ მომსახურებას.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადაში ცვლილება შევიდა.

სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი  მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი