ახალი ამბები

ერთ-ერთ ბაღში ჰომოფობიურ ნიადაგზე მშობელმა ბავშვების მიერ შექმნილი ცისარტყელები ჩამოხსნა

28 სექტემბერი, 2018 • 34392
ერთ-ერთ ბაღში ჰომოფობიურ ნიადაგზე მშობელმა ბავშვების მიერ შექმნილი ცისარტყელები ჩამოხსნა

თბილისის 74-ე საჯარო ბაღის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვების მიერ ფერადი ფურცლებისაგან გაკეთებული ცისარტყელები ჩამოხსნა და წაიღო. ბაღში ვარაუდობენ, რომ ეს მშობელმა იმის გამო გააკეთა, რომ მისთვის ცისარტყელა ლგბტ თემთან ასოცირდება.

“ძვირფასო მშობლებო, ამ კვირაში ჯგუფის თემა იყო ცისარტყელა.  ცისარტყელა, როგორც მოგხსენებათ, შვიდი ფერისგან შედგება,თქვენმა შვილებმა თავიანთ მასწავლებლებთან ერთად გააკეთეს ფერადი ფურცლებისგან ცისარტყელები და ჩამოკიდეს თავიანთი ნამუშევარი. დღეს დილით ერთ-ერთმა მშობელმა უბრალოდ მოხსნა ეს ცისარტყელები და წაიღო. ამას ქურდობა ჰქვია. მიზეზი ვიცით, მაგრამ მე მრცხვენია თქვენ გამო და აქ არ ვიტყვი! მობრძანდით ადმინისტრაციაში და აგვიხსენით თქვენი დამოკიდებულება ფერებთან მიმართებაში … P.S. #ჩვენიბაღიფერადია”, – ვკითხულობთ ბაღის ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთი ესაუბრა ბაღის ადმინისტრაციას, სადაც ზემოსენებული დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ წინა დღით ერთ-ერთმა მშობელმა ანონიმური წერილით გამოხატა თავისი დამოკიდებულება. “საჭირო არ არის ლგბტ თემების გამოყენებაო. მისთვის ცისარტყელა ლგბტ თემს ნიშნავს”, – ამბობენ ბაღში.

ბაღის ადმინსიტრაციის ცნობით, ამ ანონიმურ წერილზე რეაგირება არ მოუხდენიათ. დღეს კი მასწავლებელს თაროები ცარიელი დახვდა, ბავშვების ნამუშვრები კი წაღებული იყო.

ბაღის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ოთახში ვიდეოკამერა არ აქვთ და, შესაბამისად, პოლიციისთვის არ მიუმართავთ ქურდობის ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი