პრემიერის კარგი გამოსვლა, რომელიც პოლიტიკასთან თანხვედრაში არ მოდის – ექსპერტების შეფასებები

“შეასრულეთ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან!” – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე რუსეთის ფედერაციას.

თავისი 17-წუთიანი გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სწორედ რუსულ ოკუპაციაზე საუბარს დაუთმო. ასევე, ისაუბრა იმ მიღწევების შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე აქვს და საერთაშორისო თანამეგობრობას “თბილისის ფორუმის” ჩატარება შესთავაზა, რომლის მთავარი მიზანი იქნება შავი ზღვის რეგიონისა და კავკასიის “მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცედ” გადაქცევა. მამუკა ბახტაძე გლობალურ საკითხებსაც შეეხო, გაეროს ეფექტურობა გააკრიტიკა და ორგანიზაციის რეფორმირებაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

რამდენად სწორი გზავნილები გაახმიანა მამუკა ბახტაძემ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან საერთაშორისო ექსპერტების აზრით და რა იყო პრემიერის გამოსვლის ძლიერი და სუსტი მხარეები?

რუსეთის მიმართ გამკაცრებული რიტორიკა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი ჩეჩელაშვილი პრემიერის გამოსვლას “იმედის მომცემს” უწოდებს. იმედი კი იმაში მდგომარეობს, რომ უფრო პროაქტიული საგარეო პოლიტიკის გატარებაზე გაჩენილი პრეტენზია რეალურ ასახვას ჰპოვებს პოლიტიკურ ქმედებებშიც.

“მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო. პრემიერის გამოსვლაში სწორი აქცენტები იყო დასმული. რუსეთთან მიმართებაში ასეთ სიმკაცრეს არ მოველოდი. კარგია, თუ რაღაც ძვრები ხდება ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. როგორც ამ გამოსვლით გამოჩნდა, ახალგაზრდა პრემიერს სავსებით ჯანსაღი საგარეო პოლიტიკური ამბიციები აქვს. მაგრამ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რამდენად აისახება ეს შესაბამის საგარეო პოლიტიკაზე. მე მაქვს კითხვა, რომელზეც პასუხი არ გამაჩნია – რამდენად არის თანხვედრაში პრემიერის გუშინდელი გამოსვლა სამთავრობო გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის რიტორიკასთან? არ ვიცი, რამდენად გამოძებნიან საერთო ენას სალომე ზურაბიშვილი და მამუკა ბახტაძე, მაგიდას რომ მიუსხდნენ და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე დაიწყონ მსჯელობა”, – აღნიშნა ჩეჩელაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

შინაარსი კარგი იყო, შესრულება – ნაკლებად, – ასეთია პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებლის, გიორგი რუხაძის მიერ. მისი თქმით, პრემიერის სიტყვაში აქცენტები ძირითადად სწორად იყო დასმული, თუმცა აკლდა სითამამე და თავდაჯერებულობა.

“თუ მამუკა ბახტაძის გუშინდელ გამოსვლას შევადარებთ თუნდაც მის ინტერვიუს Foxnews-ზე, სადაც მძიმე შეცდომები დაუშვა, პროგრესი ნამდვილად სახეზეა. პრემიერმა გამოსვლის თითქმის ნახევარი ისაუბრა ოკუპაციის თემაზე, რასაც აქამდე ამას მაქსიმალურად გვერდს უვლიდნენ და 1-2 ფრაზაში ახსენებდნენ. სწორად ახსენა, რომ საქართველოს აქვს კონფლიქტი რუსეთთან და არა კონფლიქტები. ჯერჯერობით რასაც ვხედავ, ეს გამოსვლა და მმართველი გუნდის პოლიტიკა თანხვედრაში არ მოდის. როდესაც ასეთი პრინციპული და მწვავე იქნება პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, როგორც პრემიერ-მინისტრის გამოსვლის პირველი 7 წუთი იყო, ბევრად უფრო იმედიანად განვეწყობი”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძის აზრით, პრემიერის გზავნილები არ იყო ცხადი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საუბრისას და არ ჩანდა გაწევრების გაცხადებული მიზანი, ასევე, ხელისშემშლელი ფაქტორები ამ გზაზე. ამასთან, რუხაძე საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს ქვეყნის პოზიციონირებას კავკასიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა კონტექსტში.

“ძალიან გაცვდა საუბარი იმაზე, რომ საქართველო ლიდერია კავკასიაში. საჭიროა, საქართველომ შედარება დაიწყოს ევროკავშირის წევრ ან კანდიდატ ქვეყნებთან, როგორიცაა ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, მაკედონია. ევროინტეგრაციის კონტექსტში, ჩემი აზრით, ასევე უდიდესი შეცდომაა, როცა ერთი მხრივ, ამტკიცებ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და მეორე მხრივ, ამბობ, რომ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძე პრემიერს ურჩევს, საერთაშორისო ფორუმებზე გამოსვლებისას დრო არ დაკარგოს ისტორიულ ექსკურსზე, კონცენტრირება გააკეთოს საქართველოს საკითხებზე და პირდაპირ მიიტანოს გზავნილი ადრესატამდე, მათ შორის ვიზუალიზაციის საშუალებით, როგორც ამას ისრაელის პრემიერ-მინისტრი აკეთებს.

რაც შეეხება გამოსვლის ენას, ვალერი ჩეჩელაშვილი პოზიიტიურად მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა. გიორგი რუხაძის აზრით კი, ვინაიდან თარგმანში ბევრი რამ იკარგება, სჯობს საერთაშორისო აუდიტორიას სათქმელი იმ ენაზე მიაწოდო, რომელიც მას უკეთ ესმის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი