ახალი ამბები

პროკურატურა თათუხაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას და სატელეფონო ამონაწერს ავრცელებს

5 აპრილი, 2014 • • 1345
პროკურატურა თათუხაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას და სატელეფონო ამონაწერს ავრცელებს

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ მასალებში ასევე არსებობს სატელეფონო ამონაწერი, რომელზეც შალვა თათუხაშვილის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარებია დაფიქსირებული. გარდა ამისა, პროკურატურა ავრცელებს ვიდეოს, რომელიც ექსპერტიზის დროს გადაღებული ფოტომასალითაა შედგენილი. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექსპერტიზაზე დაყრდნობით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია შ.თათუხაშვილის წამებას და მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას”, განცხადების გავრცელებისას საგამოძიებო ორგანოს ექსპერტიზის დასკვნა უშუალოდ არ წარუდგენია და იგი მხოლოდ დღეს გასაჯაროვდა. გუშინვე ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა პროკურატურისგან  ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის დასკანერებული ვერსიის და ფოტომასალის გამოქვეყნება მოითხოვა.

 

“სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ  შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე. გვამის გამოკვლევის მონაცემით (24.03.2014 წ. 05:00 სთ)  მისი სიკვდილის დადგომიდან გასულია დაახლოებით 4-6 საათი, ანუ ექსპერტიზით დგინდება, რომ შ.თათუხაშვილის გარდაცვალების დრო არის 2014 წლის 23 მარტის დაახლოებით 23:00 საათი.  

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ ეთილის სპირტის შემცველობამ გარდაცვლილის სისხლში შეადგინა 5 პროცენტი, შარდში ეთილის სპირტის რაოდენობამ 5,63 პროცენტს მიაღწია, ასევე, შალვა თათუხაშვილის სისხლსა და შარდში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ჯგუფის შემდეგი ნივთიერებები – დიაზეპამი, ნორდაზეპამი და ტემაზეპამი. 

ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა ყველა სათანადო პროცედურის დაცვით, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებიდან 4-6 საათის განმავლობაში. გვამის ფოტოგრაფირება მოხდა ექსპერტის მიერ სწორედ გვამის დათვალიერებისას, ფოტოსურათები დაერთო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. გვამის დათვალიერების ოქმი შედგენილია გამომძიებლის მიერ, ექსპერტის, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის და შ.თათუხაშვილის სიძის კ.ელიზბარაშვილის თანდასწრებით, სადაც დაფიქსირებულია გვამზე არსებული დაზიანებები და ოქმის სისწორე დადასტურებულია ყველა ზემოხსენებული პირის ხელმოწერით. 

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება შ.თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები და მათი ხანდაზმულობა, კერძოდ: 

ნაჭდევი მარცხენა წინამხრის მიდამოებში – ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე;

ნაჭდევი მარჯვენა მტევნის პირველი თითის მიდამოებში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 6-7 დღით ადრე;

ნაჭდევი წელის არეში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე.

სისხლჩაქცევა წელის მიდამოებში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში-23 მარტს;

ნაჭდევი ორივე ფეხის მუხლის სახსარზე, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე;

ნაჭდევი მარცხენა ფეხის კოჭ-წვივის სახსრის არეში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე;

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ყველა დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა გარდაცვლილის სხეულს, არის მსუბუქი კატეგორიის და არანაირი კავშირი არ აქვს სიკვდილის დადგომასთან. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში გარკვევით მითითებულია, რომ დაზიანებები განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და დამდგარ შედეგთან ანუ სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ არის. ყველა დაზიანება არის სიცოცხლის დროინდელი”– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

 

გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები  აცხადებენ, რომ იგი მისი ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აპირებდა სასამართლოს წინაშე, რის გამოც თათუხაშვილი პროკურატურამ თავიდან მოიშორა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი