ახალი ამბებისაზოგადოება

რა გეგმა აქვს გურამ კაშიას სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ

28 სექტემბერი, 2018 • 6623
რა გეგმა აქვს გურამ კაშიას სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრებისა და სან ხოსეს ფეხბურთელი გურამ კაშია კეთილი ნების ელჩია PRMC-ის სოციალური კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ”. მან სკოლებში ჩაგვრის წინააღმდეგ ვიდეომიმართვა უკვე გამოაქვეყნა, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი არ არის და კაშია სხვა ტიპის აქტივობასაც აპირებს ამ მიმართულებით.

კაშია საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი ალბათობით სკოლებში ივლის და ჩაგვრის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთვება სხვა ცნობილ სპორტსმენებთან ერთად.

ინსტაგრამზე კაშიამ ორი ხელნაწერი გამოაქვეყნა, სადაც თავის გეგმების შესახებ საუბრობს. კაშიას გეგმის თანახმად, ის მზადაა წელიწადში 10-ჯერ მაინც მივიდეს სხვადასხვა სკოლაში და ბავშვებს ინდივიდუალურადაც გაესაუბროს. ასევე კაშია მზადყოფნას გამოთქვამს, შესაძლებლობის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო აუქციონის ორგანიზებაში, სადაც თავის სპორტულ ეკიპირებას გაიტანს, ასევე მოიპოვებს ცნობილი ფეხბურთელების მაისურებს. აუქციონზე დაგროვილი თანხა კი რომელიმე სკოლას ან გაჭირვებულ ბავშვს მოხმარდება.

ასევე, კაშიას გეგმის მიხედვით, ის მზადაა ბავშვებთან ისაუბროს თავისი სკოლის გამოცდილებაზე, სადაც ფეხბურთელის თქმით, თვითონაც იჩაგრებოდა.

“ჩემი ან ნებისმიერი სხვა სპორტსმენის მისვლის შემდეგ დაიდოს პირობა! ჩემსა და ბავშვებს შორის გაფორმდეს სიმბოლური ხელშეკრულება, მაგალითად: არ დავცინებ! არ დავაცმირებ! შემდეგ ეს პირობა კლასში გაიკრსა, როგორც სიმბოლური აქტი”, – ვკითხულობთ კაშიას ხელნაწერში.

კამპანია “ძლიერები არ ძალადობენ” ცოტა ხნის წინ დაიწყო PRMC-ის ინიციატივით. მასში არაერთი სპორტსმენი ჩაერთო: გურამ კაშია, ტოჩინოშინი, ნინა თიბილაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და სხვები.

სპორტსმენები ჩაგვრის საწინააღმდეგო ვიდეომიმართვებს ავრცელებდნენ, დღეს კი ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მიდის, სადაც ბავშვებს შეხვდება და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მიიღებს მონაწილეობას.

გურამ კაშიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ის, რაც მის ხელნაწერზე წერია, მხოლოდ მისი შეთავაზებაა, დანარჩენი დეტალების შესახებ კი უშუალოდ კამპანიაში ჩართულ პირებს უნდა დაელაპარაკოს. კამპანიის ორგანიზატორებს კაშიას იდეები მოსწონთ. კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მაგდა კლდიაშვილის თქმით, დეტალები ფეხბურთელთან შეხვედრის შემდეგ დაზუსტდება.

“სიურპრიზად დავტოვოთ, ძალიან კარგი აქტივობები იგეგმება”, – ამბობს მაგდა კლდიაშვილი ნეტგაზეთთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი