ახალი ამბები

ეს არაა ის მოლოდინი, რაც “ოცნების” მიმართ იყო — რომან კაკულია “ომეგას” საქმეზე

28 სექტემბერი, 2018 • 1901
ეს არაა ის მოლოდინი, რაც “ოცნების” მიმართ იყო — რომან კაკულია “ომეგას” საქმეზე

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია “ომეგა ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე აცხადებს, რომ არ ისურვებდა იყოს “იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ”.

კაკულიას კომენტარს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

კაკულიამ “საკმაოდ შემაშფოთებელი” უწოდა მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს. ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობა ჯერ არ არის დადგენილი, “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, თამბაქოს ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მმართველი პარტიისთვის ფულის გადახდას, ასევე, საარჩევნო კამპანიების დაფინანსებას სთხოვდნენ.

“სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევქმენით სამართლის და სასამართლოს ის ხარისხი ამ ქვეყანაში, როდესაც ძალიან მაღალი ხარისხის ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ ეს უკვე ტრადიციად ქცეული სიტყვა, რომ დაველოდოთ სასამართლოს და სასამართლო იტყვის, რა არის აქ მთავარი გამოწვევა”, -განაცხადა კაკულიამ.

“ქართული ოცნების” წევრმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო “მაქსიმალურად ობიექტური” იქნება და “საზოგადოება პასუხს მიიღებს ამ ძალიან უცნაურ ტექსტებზე, რომლებიც ისმის თითქმის ყოველდღე ტელევიზიით”. მისივე განცხადებით, “ეს ნამდვილად არ არის ის მოლოდინი, რაც “ქართული ოცნების” მიმართ ჰქონდა საზოგადოებას”. ამის შემდეგ კაკულიამ დასძინა, რომ “ბევრი ის პირი, რომელიც იქ მონაწილეობს, პირდაპირ კავშირში ნამდვილად არ არის ქართულ ოცნებასთან”.

ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც 24 სექტემბერს გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, “თბილისის თამბაქოს” დირექტორი, ლექსო ანდრიაძე “ომეგას” მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს ესაუბრება, კიდევ ერთში — “თბილისის თამბაქოს” აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი  “ომეგას” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს. აუდიოჩანაწერებში საუბარია ქართული და უცხოური სიგარეტების კომპანიების მხრიდან თანხის გადარიცხვაზე “ქართული ოცნების” სალაროში. სავარაუდოდ, ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის სქემას, რომლის მიხედვითაც თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრს მმართველი პარტიისთვის იხდიან.

“ავთენტურობას [ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას] დაველოდოთ”, თქვა კაკულიამ, თუმცა დასძინა: “ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც თანამდებობის პირები ასეთი ტიპის ზეწოლებს განახორციელებენ. დარწმუნებული ვარ, გამოიკვეთება სიმართლე, რომელიც ჩვენი გუნდის სასარგებლო იქნება”.

როგორც “ომეგას” ადვოკატი ამბობდა, “ომეგას” მომზადებული აქვს სარჩელი შსს მინისტრ გიორგი გახარიას, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის, ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

მმართველი გუნდი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ “ომეგა ჯგუფს” ბიუჯეტის მიმართ აქვს 50 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება, რომელსაც უკვე დიდი ხანია არ იხდის. “ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვს. კომპანიისვე თქმით, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია” ხელისუფლების მიმართ კრტიკულია. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი