ახალი ამბები

პრემია-დანამატები შეიზღუდა, თუმცა ჩინოვნიკები ჯამურად მაინც იგივე თანხას იღებენ – IDFI

28 სექტემბერი, 2018 • 2762
პრემია-დანამატები შეიზღუდა, თუმცა ჩინოვნიკები ჯამურად მაინც იგივე თანხას იღებენ – IDFI

IDFI-ის კვლევის მიხედვით, შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის პირობებშიც, თანამდებობის პირების უმეტესობას თანამდებობის სარგოს სახით შეუნარჩუნდა იმ ოდენობის შრომის ანაზღაურება, რაც წლების განმავლობაში გაიცემოდა.

კერძოდ, თანამდებობის პირთა უმრავლესობას ყოველთვიურ სარგოდ განესაზღვრა დაახლოებით იმავე ოდენობის თანხა, რასაც ისინი კანონის მიღებამდე ჯამურად იღებდნენ სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით.

საქართველოს პარლამენტმა “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონი 2017 წლის 22 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხი განისაზღვრა. ახალი კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა. კერძოდ, წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა შემოიფარგლა წლიური სარგოს 20%-ით, ხოლო ფულადი ჯილდო- წლიური სარგოს 10%-ის ოდენობით. ამასთან, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე როგორც სახელფასო დანამატების, ასევე, პრემიების (ფულადი ჯილდო) გაცემა აიკრძალა. IDFI-ის შეფასებით, ახალი კანონის პირობებში გამოწვევად იქცა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის კოეფიციენტების ახალი სისტემა, ასევე ის, რომ კანონის მოქმედება მთელ რიგ უწყებებზე და თანამდებობებზე არ გავრცელდა.

IDFI-მ შეისწავლა 100-მდე საჯარო დაწესებულებიდან (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტის აპარატი, სამინისტროები, სამინისტროებს დაქვემდებარებული და სხვა დამოუკიდებელი სსიპ-ები) მიღებული საჯარო ინფორმაცია ახალი კანონის ძალაში შესვლამდე და ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედი საშტატო ნუსხებისა და თანამდებობის პირებზე საანგარიშო პერიოდში გაცემული შრომის ანაზღაურების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ:

  • შრომის ანაზღაურების შესახებ ახალმა კანონმა ვერ დანერგა თანამდებობათა იერარქიის შესატყვისი ყოველთვიური სარგოების განსაზღვრის პრაქტიკა;
  • სამინისტროებისა და მათი დაქვემდებარებული უწყებების შემთხვევაში, ახალი კანონის პირობებშიც ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირის ყოველთვიური სარგო აღემატება ზემდგომი თანამდებობის პირის ყოველთვიურ სარგოს;
  • თანამდებობის პირთა უმრავლესობას, შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ყოველთვიურ სარგოდ განესაზღვრა დაახლოებით იმავე ოდენობის თანხა, რასაც ისინი კანონის მიღებამდე ჯამურად იღებდნენ სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით;
  • სამინისტროებს დაქვემდებარებული თუ სხვა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების სიდიდეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უწყების საქმიანობით მიღებული საკუთარი შემოსავლები;
  • შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ უწყებებზე, (სახელმწიფო კომპანიები, მარეგულირებელი კომისიები და სხვა), რომელთა ხელმძღვანელი პირები საჯარო სექტორში ყველაზე მაღალ შრომის ანაზღაურებას იღებენ;
  • ცალკეული საჯარო დაწესებულებების შემთხვევაში, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროება.

მასალების გადაბეჭდვის წესი