ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის პარლამენტის დადგენილება გალში, ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში პასპორტიზაციის საკითხზე

4 აპრილი, 2014 • • 1839
აფხაზეთის პარლამენტის დადგენილება გალში, ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში პასპორტიზაციის საკითხზე

apspypress-ის ცნობით, თავდაპირველად დეპუტატებმა გენერალური პროკურორის მოხსენება მოისმინეს, რომელიც შეეხებოდა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის 2006 წლიდან დღემდე პასპორტების გაცემის კანონიერების შემოწმებას. აღნიშნული მოხსენების მიხედვით, ჯამში, გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებში შემოწმდა 26 197 საპასპორტო საქმე. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის” დარღვევით იქნა გაცემული აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი 791 პირზე გალში, 387 პირზე – ტყვარჩელში და 10 პირზე – ოჩამჩირეში, საერთო ჯამში, კი – სამივე რაიონში 1188 პირზე.

 

გენერალური პროკურორის თქმით, აფხაზეთის შსს-ში მიწოდებულია შესაბამისი მიმართვები ამ პასპორტების ანულირებისა და ამოღების თაობაზე. ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს შორის არის 400 ადამიანი, რომლებსაც აქვთ როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს მოქალაქეობა.

 

აფხაზეთის პარლამენტის წევრი, ახრა ბჟანია უკმაყოფილ დარჩა პროკურატურის ანგარიშით. მისი თქმით, შემოწმება ჩატარდა არაპროფესიონალურად, რადგან არ არიან გამოვლენილნი ის პასუხისმგებელი პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პასპორტების უკანონო გაცემაში და რომელთა ინიციატივითაც იწერებოდა აღნიშნულ რაიონებში განცხადებები საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თაობაზე.

 

პარლამენტის სხდომის პარალელურად, შენობის გარეთ მიმდინარეობდა მიტინგი. მომიტინგეები ტაშით შეხვდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებას. მიღებული კანონის კომენტირებისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა რაულ ხაჯინბამ განაცხადა:

 

“ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ამ კატეგორიის ადამიანებთან მიმართებაში. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ ვის და რას წარმოადგენენ აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. ამის გამო მზადდება კანონი “უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკაში”.

 

აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა მიღებული დოკუმენტი შეაფასა, როგორც გაწონასწორებული, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გაუსვლელად გადაწყდეს პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნა 2008 წლიდან აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის პასპორტიზაციის დროს. პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად, აღნიშნულ რაიონებში მცხოვრები პირის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს აფხაზეთის შსს, რომელიც გასცემს აფხაზეთის მოქალაქის ახალი ტიპის პასპორტს და ასევე, ბინადრობის უფლების შესაბამის დოკუმენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი