ახალი ამბები

თავი შეიკავეთ მსოფლიო პატრიარქის შეურაცხყოფისგან – მეუფე ზენონი სასულიერო პირებს

28 სექტემბერი, 2018 • 6448
თავი შეიკავეთ მსოფლიო პატრიარქის შეურაცხყოფისგან – მეუფე ზენონი სასულიერო პირებს

დმანისი-ტაშირისა და ბრიტანეთ-ირლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე ზენონი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასულიერო პირი კონსტანტინიპოლსა და მოსკოვს შორის არსებულ დაძაბულობას მიმოიხილავს და მღვდელმსახურთა ნაწილს მსოფლიო პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მეუფე ზენონის თქმით, ვითარება ორ საპატრიარქოს შორის მრავალწლიანი დაძაბულობის გაგრძელებაა, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა კრეტაზე ჩატარებულ საეკლესიო კრებაში მონაწილეობა არ მიიღო.

“მსოფლიო საპატრიარქომ კრების წინმსწრები და შემდგომ განვითარებული მოვლენები შეაფასა, როგორც მოსკოვის მხრიდან კრების ჩასაშლელად გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები და მსოფლიო საპატრიარქოს პრიმატულ ავტორიტეტზე ზიანის მიყენების მცდელობად აღიქვა.

მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან ავტოკეფალური ეკლესიის დაფუძნების გადაწყვეტილება უკრაინაში და ეგზარხოსთა წარგზავნა კიევში სამართლებრივი პროცედურების წარმოებისათვის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის უახლოეს წარსულში განვითარებული მოვლენების პრაქტიკული და შედეგობრივი გამოვლინება გახლავთ. როგორც მოსალოდნელი იყო, უდიდესი საფასურის გადახდა მოუწია მოსკოვის საპატრიარქოს. მსოფლიო საპატრიარქომ მოახდინა მრავალასწლეულის მანძილზე მისი სულიერი ძალაუფლებისა და პრიმატის პრაქტიკული უცვლელობის დემონსტრირება”, – აღნიშნავს ის.

ეპისკოპოსი სასულიერო პირთა ნაწილს მსოფლიო პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელი და ბრალდებითი განცხადებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამით ისინი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქს “უხერხულ მდგომარეობაში” აყენებენ.

“…თავი შეიკავეთ მსგავსი ქმედებისაგან. როდესაც ბრალს სდებ, მით უმეტეს, მსოფლიო პატრიარქს და მის იერარქიას, მზად უნდა იყო კანონიკური აღჭურვილობით პასუხის მიგებაში. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მსოფლიო საპატრიარქო არ ღებულობს ინფორმაციას საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებებზე, ცდება.

თვითნებური შეფასებებით თქვენ უხერხულ მდგომარეობაში ამყოფებთ კათოლიკოს- პატრიარქს და მსოფლიო საპატრიარქოს ყურადღებას საქართველოს ეკლესიისკენ მომართავთ. ვინც მოსკოვს არ შეუშინდა, მისთვის გაცილებით მარტივი არის პასუხი მოსთხოვოს თბილისს და მოუწოდოს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, წმიდა სინოდს რეაგირებისაკენ”, – აცხადებს მეუფე ზენონი.

დასასრულს, ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მსოფლიო საპატრიარქო კრეტის კრებაში საქართველოს ეკლესიის არმონაწილეობას “გაგებით მოეკიდა”.


უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოების მწვავე დავის საგანია, საქართველოს ეკლესიას ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია ერთიანი პოზიცია. თუმცა კიევის პატრიარქი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში კიევი საქართველოს მხარდაჭერას ელის.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია პატრიარქმა ბართლომემ 23 სექტემბერს. სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახადა: როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებს “მოსკოვის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრას” უწოდებს. რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქის ლოცვებში მოხსენიება უკვე შეწყვიტა.

ამავე თემაზე:

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი