ახალი ამბები

აზარტული თამაშების რეკლამა მნიშვნელოვნად შეიზღუდება – კანონპროექტი

28 სექტემბერი, 2018 • 3413
აზარტული თამაშების რეკლამა მნიშვნელოვნად შეიზღუდება – კანონპროექტი

მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტით, საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამა მნიშვნელოვნად იზღუდება. დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში შედის.

კანონპროექტის თანახმად, ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება. გამონაკლისი მხოლოდ სპონსორობის შემთხვევაზე ვრცელდება, თუმცა ამ დროს მხოლოდ დასაშვები იქნება თამაშობის ორგანიზატორი მეწარმის დასახელება და ლოგოტიპის გავრცელება.

“აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის წამახალისებელი რეკლამისა”,  – ნათქვამია კანონპროექტში.

ამავე დოკუმენტით, აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში(გარდა სპორტულ ეკიპირებაზე გამოსახვისა), ასევე, მათგან 200 მეტრის რადიუსში. აგრეთვე, აიკრძალება აზარტული თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვ.მ. ფართობს.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მომზადების მიზეზი აზარტული თამაშებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონი და ამით გამოწვეული რისკების შემცირება იქნება.

ავტორები არიან დეპუტატები – ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე და ცოტნე ზურაბიანი.

ჯერჯერობით უცნობია, როდის წარედგინება პროექტი პარლამენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი