ახალი ამბები

ვიზიარებ პასუხისმგებლობას, რომ წინა ხელისუფლების დროს ამ ტიპის კომისიები არ შეიქმნა – ბოკერია

28 სექტემბერი, 2018 • 2450
ვიზიარებ პასუხისმგებლობას, რომ წინა ხელისუფლების დროს ამ ტიპის კომისიები არ შეიქმნა – ბოკერია

გიგა ბოკერიას თქმით, თავად, როგორც “ნაციონალური მოძრაობის”  ყოფილი წევრი, იზიარებს პასუხისმგებლობას, რომ წინა ხელისუფლების დროს გახმაურებულ საქმეებზე საგამოძიებო კომისიები არ შექმნილა.

ბოკერიამ ზემოაღნიშნულზე TV პირველის გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა ხორავას ქუჩის მკვლელობების საქმეზე შექმნილი კომისიის თაობაზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც წინა ხელისუფლების დროს მსგავსი ტიპის საგამოძიებო კომისიები საერთოდ არ იქმნებოდა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ეს იყო ცუდი, თუმცა “ქართული ოცნება” ამით საგამოძიებო კომისიის მუშაობის  შედეგების უგულებელყოფას არ უნდა ამართლებდეს.

“ეს არის ცუდი. ეს იყო ცუდი, ძალიან ცუდი.

…მე სრულიად ვიზიარებ პასუხისმგებლობას, რომ ამ ტიპის კომისიები თავის დროზე არ შეიქმნა. ოღონდ, როგორი დანაშაულებრივი შეცდომაც იქნებოდა მაშინ ამ პრობლემების გამართლება იმით, რომ შევარდნაძის დროს ღიად ხალხის მოტაცებები ხდებოდა ქუჩაში, პოლიცია იყო ჩართული მოტაცებებში, ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით და ამით გაამართლო ის, რომ კომისია არ შეიქმნა თავის დროზე მაგ საქმეებზე… ასეთივე უმძიმესი პოლიტიკური დანაშაულია დღეს მმართველი გუნდისგან ამ ჩავარდნებით გამართლება იმისა, რომ კომისია შევქმენით, რომ კრება დარჩა მხიარული.

თქვან ეგ, გვლანძღონ წარსულისთვის, რაც მე მიმაჩნია არაფრის მომტანად,  მაგრამ ის არ თქვან, რომ კომისია რომ შევქმენით საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ და შემდგომ ფეხებზე დაიკიდეს მისი დასკვნა, კარგად არის ყველაფერიო. ძალიან ცუდად არის ყველაფერი”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი