ახალი ამბები

მამუკა ბახტაძის ანტირუსული გამოსვლა გაეროში ქართულ ენაზე

28 სექტემბერი, 2018 • 26068
მამუკა ბახტაძის ანტირუსული გამოსვლა გაეროში ქართულ ენაზე

მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სხდომაზე სიტყვით ქართულად გამოვიდა. პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა და  საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის  მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ბახტაძემ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებიც მიმოიხილა.

პრემიერმა საკუთარი გამოსვლა რუსულ ოკუპაციაზე საუბრით დაიწყო და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება ჰუმანიტარულ კატასტროფად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული რეგიონების მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა.

“ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი ვითარება არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია და სულ უფრო მწვავე სახეს ღებულობს დეპოპულაცია. ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო 4-5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

…ჩვენ ვიბრძვით, რომ შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლის პროცესი და უზრუნველვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ამ ინიციატივას ჩვენ დავარქვით “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ პირობები კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის”, – აღნიშნა მან.

ბახტაძის თქმით, საქართველოს ვითარების ჩიხიდან გამოყვანა სურს, თუმცა, მხოლოდ სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარჯზე. სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა რუსეთს  2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა:

“რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ჩვენ ეს შეთანხმება  სრულად შევასრულეთ და მეტიც, ავიღეთ ძალის არგამოყენების იურიდიულად სავალდებულო პასუხისმგებლობა.

მივმართავ რუსეთის ფედერაციას: შეასრულეთ ნაკისრი ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან”, – განაცხადა ბახტაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიმართა:

“საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა. ჩვენ საუკუნოვანი საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც დარწმუნებული ვარ, მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას”.

მამუკა ბახტაძემ 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია გაიხსენა. მისი აზრით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რუსეთის ქმედებებს სათანადოდ ვერ უპასუხა. პრემიერის განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოს უფრო ძლიერი გაერო სჭირდება:

“მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ უკრაინაში გამოაჩინა, რომ მაშინდელი მსოფლიო თანამეგობრობა არ აღმოჩნდა მზად, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მიეცა ამ აგრესიისთვის სამწუხაროდ, გაერო არაეფექტური აღმოჩნდა ამ გამოწვევების წინაშე. მეტიც, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს გლობალური უსაფრთხოების სისტემური ეროზია. დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება უფრო ძლიერი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია”.

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმებიც განიხილა და სხვა მიმართულებებთან  ერთად, ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებებზეც გაამახვილა. მისი თქმით, პროცესი ევროპულ მმართველობაზე გადასვლის ნაწილია.

“ძლიერი პარლამენტი, ზეპარტული პრეზიდენტი, დამოუკიდებელი სასამართლო, ეფექტიანი მთავრობა არის იმ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგი, რომელიც წარმატებით განვახორციელეთ. საქართველო ამ ცვლილებებით ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადადის”, – თქვა მან.

მიმართვის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მოწვეული აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსენა და გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ინიციატივით მიმართა, თბილისში რეგიონის გასავითარებლად საერთაშორისო ფორუმი ჩატარდეს. ბახტაძეს არ უსაუბრია იდეის დეტალების შესახებ.

“…მსურს, ახალი ინიციატივით გამოვიდე და შემოგთავაზოთ თბილისის ფორუმის ჩატარება, რომლის მთავარი მიზანი იქნება შავი ზღვის რეგიონი და კავკასია, რომელიც დაპირისპირების არეალია, გადაიქცეს მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცედ”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი