ახალი ამბები

ქართული ბარათებით უცხოურ ვებგვერდზე აზარტული თამაშებისთვის ვეღარ გადაიხდით – კანონპროექტი

27 სექტემბერი, 2018 • 1782
ქართული ბარათებით უცხოურ ვებგვერდზე აზარტული თამაშებისთვის ვეღარ გადაიხდით – კანონპროექტი

კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სხვა პროვაიდერებს, შესაძლოა, უცხოური სათამაშო ბიზნესის კომპანიებთან გადასახადების განხორციელების მიზნით ურთიერთობის დამყარება აეკრძალოთ. ახალი კანონპროექტით, აღნიშნული ცვლილება, შესაძლოა, საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონში შევიდეს.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც “ნეტგაზეთს” მიაწოდეს, პროვაიდერებმა მათი საგადასახადო ბარათით უცხოური სათამაშო კომპანიის სასარგებლოდ გადახდის განხორიციელება არ უნდა დაუშვან. რეგულაცია ეხება ყველა საგადასახადო პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.

“საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ რეგულაციის მიღების მიზეზი აზარტული თამაშების თანმდევი სოციალური რისკების შემცირებაა მოსახლეობაში.

“[რეგულაცია] ხელს შეუწყობს აზარტული თამაშობებში ჩართული ადამიანების შემცირებას და ამით გამოწვეული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას. ასევე, შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის ონლაინ აზარტული თამაშობების კომპანიებში ფულადი კაპიტალის გადინება”, – წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის ავტორები დეპუტატები – ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე და ცოტნე ზურაბიანი არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი