ახალი ამბები

საქართველოში შეჭრაზე მსუბუქი სასჯელი გამო, რუსეთი უკრაინაშიც შემოვიდა – პოროშენკო

27 სექტემბერი, 2018 • 1801
საქართველოში შეჭრაზე მსუბუქი სასჯელი გამო, რუსეთი უკრაინაშიც შემოვიდა – პოროშენკო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მსოფლიოს რუსეთის აგრესიისგან დაცვის თხოვნით მიმართა. რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის შეჩერება, პოროშენკოს თქმით, გაერთიანებული ერების ერთ-ერთი მისია უნდა იყოს.

ასამბლეაზე გამოსვლისას პოროშენკომ ძირითადი დრო რუსეთის ანექსიაზე საუბარს დაუთმო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის აგრესიულ, დამპყრობლურ პოლიტიკას მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის გაერთიანებული ძალისხმევა შეაჩრებს.

“საქართველოში შეჭრის გამო დაკისრებულმა არარელევანტურმა სასჯელმა რუსეთი უკრაინაში შემოიყვანა ისევე, როგორც ლიტვინენკოს მოჰყვა სკრიპალები,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ რუსეთის მიერ ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები მილიტარისტულ ციხესიმაგრედ აქცია, რაც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

“თითქმის 4 წელია, რაც რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია მოახდინა. რუსული ოკუპაციის პირობებში ყირიმი მილიტარისტულ რეგიონად იქცა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ჩვენ გვჯერა, რომ ყირიმში შეიარაღება გაიზრდება, ასეთ პირობებში ეს საკითხი გენერალური ასამბლეის ყურადღებასა და სწრაფ რეაგირებას ითხოვს”, – განაცხადა პოროშენკომ.

2014 წელს რუსეთმა ყირიმი დაიპყრო, 2014 წლის შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მონაწილეობით ომი მიმდინარეობს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას რუსულ ოკუპაციაზე ყურადღება ესტონეთის პრეზიდენტმაც გაამახვილა.

“აგრესიას უნდა ერქვას აგრესია, ომი ომია და ოკუპაცია რჩება ოკუპაციად, როცა ქართველ პოლიტიკოსებს ეუბნებიან, რომ მათი ქვეყნის ოკუპაციის გამო საბოლოოდ გადადებულია დემოკრატიული სამყაროს ფორმატებში სრული მონაწილეობა. ესტონეთი სოლიდარულია ყველას მიმართ, ვინც დაზარალდა კონფლიქტით, ტერორიზმითა და ძალადობრივი ექსტრემიზმით. ჩვენ ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ევროპის გულში, აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება სამხედრო აგრესია. ყირიმის ნახევარკუნძული ოკუპირებულია, ისევე როგორც საქართველოს ნაწილი,” – განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი