ახალი ამბები

ჩვენი შიდა კვლევით სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, – კობახიძე

27 სექტემბერი, 2018 • 10470
ჩვენი შიდა კვლევით სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2”-ის დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” შიდა კვლევის თანახმად სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.

Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევა, კობახიძის თქმით, რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” კვლევაა.

„ასეთი კვლევები მუდმივად გვახსოვს არჩევნებიდან, თუმცა გვახსოვს არჩევნების შედეგებიც. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე კანდიდატმა ერთად 2017 წლის არჩევნებში 27% აიღო. მანამდე, 2016 წლის არჩევნებში 27% აიღო „ნაცმოძრაობამ“. ჩვენი ამოცანაა, რომ  „ნაციონალური მოძრაობა” ამ 27%-ს არ გასცდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“რუსთავი 2”-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა 22% “ძალა ერთობაშიას” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა ხმას, 18% – “ევროპული საქართველოს” კანდიდატ დავით ბაქრაძეს, 15% – “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, 8% – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილს, 3% – დავით უსუფაშვილს, ხოლო 2% – ზურაბ ჯაფარიძეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი