ახალი ამბები

ფეხით 13-დღიანი მსვლელობის შემდეგ გიგა მაქარაშვილი ენგურის ხიდთან ჩავიდა

27 სექტემბერი, 2018 • 3143
ფეხით 13-დღიანი მსვლელობის შემდეგ გიგა მაქარაშვილი ენგურის ხიდთან ჩავიდა

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი 13-დღიანი მსვლელობის შემდეგ, სოხუმის დაცემის დღეს, ენგურის ხიდთან ჩავიდა. მაქარაშვილმა მსვლელობა თბილისიდან ენგურის ხიდამდე 14 სექტემბერს დაიწყო.

გიგა მაქარაშვილს ენგურის ხიდთან  მოქალაქეები შეუერთდნენ. როგორც აქტივისტი ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს გლოვის დღეა, დე ფაქტო საზღვართან პერფორმანსი არ გაიმართება. ენგურის ხიდთან შეკრებილებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს და საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

ენგურის ხიდამდე ფეხით მსვლელობის მიზანი, მაქარაშვილის თქმით, ანტიოკუპაციური ტალღის გაძლიერებაა:

“მიზანი არის ის, რომ ვიფიქრე, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არაფერი შეგვიძლია ოკუპაციის წინააღმდეგ გავაკეთოთ. ბერკეტი არ დაგვიტოვა სახელმწიფომ. თვითონ სახელმწიფოც სუსტია, საგარეო პოლიტიკაც ბევრ ეჭვს ბადებს და მეც გადავწყვიტე, მოდი, მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, დავიხარჯები ბოლომდე და გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც შემიძლია საშუალოზე გამხდარ, არასპორტულ ადამიანს. წავალ დროშით და გადავსერავ მთელ ქვეყანას ყოველგვარი ფუფუნებისა და კომფორტების გარეშე, დღისით, მზეზე, რათა ბევრმა ადამიანმა დაინახოს, რომ ეს მუხტი კიდევ უფრო გაღვივდეს”, – ამბობს აქტივისტი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

როგორც გიგა ამბობს, მისი აზრით, ოკუპაცია ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა და აუცილებელია ყველა შეთანხმდეს, რომ რუსეთი მტერია:

“ჩემი აქციის მიზანია, მეტმა ადამიანმა თქვას, რომ რუსეთი ოკუპანტია, მეტმა გაიხსენოს, რომ არსებობს ეს პრობლემები და იმ სოციალური პრობლემების ფონზე, რომელიც გვაქვს და ვერ გავექცევით, არ უნდა ჩაიკარგოს მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს: ქვეყნის პირველი და უმთავრესი მტერი- რუსეთი და ტერიტორიის 20% ოკუპირებული”, – ამბობს გიგა.

 

Posted by გიგა მაქარაშვილი on Thursday, 27 September 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი