ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება ზურაბიშვილის მხარდასაჭერად

27 სექტემბერს თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან. ამ ვიზიტის შესახებ იმავე დღეს გაავრცელეს ინფორმაცია თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებმა, ასევე, უწყებების ფეისბუკის გვერდებმა.

როგორც იურისტებმა, ლადო ბეჟაძემ და რატი თინიკაშვილმა, “ნეტგაზეთს” უთხრეს, მართალია, კობახიძესაც და კალაძესაც, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აქვთ აგიტაციის უფლება, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მაინც იყოს კანონიდან გადაცდომა — ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ვიზიტი მემორიალზე

ადმინისტრაციული რესურსი არის ნებისმიერი სახის რესურსი, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესასრულებლად.

საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო კოდექსის თანახმად (მუხლი 48), იკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

“სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების” ცენტრის წარმომადგენელი, ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ თუკი მემორიალზე გამართული ღონისძიება პარლამენტის ან მერიის მიერ იყო დაფინანსებული, შესაძლოა, ფაქტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასდეს.

როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ეს არ ყოფილა ისეთი ღონისძიება, რომელიც კონკრეტული უწყების მიერ იყო ორგანიზებული, ყვავილების თაიგული კალაძემ საკუთარი ხარჯით მიიტანა და მემორიალზეც საკუთარი მანქანით მივიდა.

საარჩევნო კოდექსი აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს უკრძალავს აგიტაციის პროცესში სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას.

პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე მემორიალზე კალაძის პირადი მანქანით მივიდა (ტერიტორია სამსახურებრივი ავტომობილით დატოვა), ხოლო ყვავილები საკუთარი სახსრებით შეიძინა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს სახელით გვირგვინი გია ვოლსკიმ მიიტანა მემორიალზე სხვა დეპუტატებთან კობახიძე/ზურაბიშვილი/კალაძის ვიზიტიდან ერთი საათის შემდეგ.

ვებსაიტებისა და სოციალური მედიის გამოყენება

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის, რატი თინიკაშვილის, თქმით, მართალია, პარლამენტის თავმჯდომარესა და მერს, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აგიტაციის გაწევის უფლება აქვთ, თუმცა “ოფიციალურ ვებსაიტებსა და სოციალური მედიის გვერდებზე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო ინფორმაციისა და ფოტოსურათების განთავსება შესაძლოა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას”.

როგორც თინიკაშვილი განმარტავს, პარლამენტის საიტზე განთავსებულ კობახიძის განცხადება მიმართულია ვაშაძის საწინააღდმეგოდ და ზურაბიშვილის სასარგებლოდ. შესაბამისად, შესაძლოა, აგიტაციად შეფასდეს.

რაც შეეხება მერიის ვებგვერდს — მართალია, აქ მხოლოდ ის წერია, რომ კობახიძე და კალაძე ზურაბიშვილთან ერთად მივიდნენ მემორიალზე, მაინც შესაძლოა ჩაითვალოს ზურაბიშვილის სასარგებლო მოქმედებად, “ვინაიდან აგიტაცია მოიცავს ნებისმიერ საჯარო მოქმედებას, რომელიც სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღდემგოდ არის მიმართული”.

კოდექსის 48-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი კრძალავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებებისა და საინფორმაციო მომსახურებისა გამოყენებას;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპირებს, ცესკოს ამ ფაქტის შესახებ მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ ცესკო დაადგენს, რომ ადმინისტრაციული რესურსი  გამოიყენეს, დამრღვევი პირები — ამ შემთხვევაში, მერია და პარლამენტი — უნდა დაჯარიმდნენ 2 000 ლარით.

სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე 27 სექტემბერს მემორიალზე გმირთა მოედანთან. ფოტო: თბილისის მერია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.