პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ერევა, – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობას წარმოადგენს და საქართველოს კონსტიტუციითა და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს უხეშად არღვევს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს შეკრების ჩატარებას იმ ფორმით, რომელიც მშვიდობიანია და არჩეულია აქციის მონაწილეთა მიერ.

“აქციის ფორმის, დროისა და ადგილის არჩევის უფლება ისევეა შეკრების უფლების ნაწილი, როგორც მისი შინაარსი და კარავი შესაძლოა წარმოადგენდეს აქციის გაგრძელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ატრიბუტს. OSCE/ODIHR-ის სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, კარვისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების აგება მოიაზრება მშვიდობიანი შეკრების უფლებით დაცულ სფეროში. აქტი, რომელიც კრძალავდა “კონტროლირებად ტერიტორიებზე” კარვების, ქარავნისა და სხვა კონსტრუქციების აგებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების საწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, იმ მიზეზით, რომ კარვის აგებამ, როგორც პროტესტის ფორმამ და საშუალებამ, შეიძინა საპროტესტო გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობა. ტროტუარი წარმოადგენს საჯარო სივრცეს, რომელზე წვდომის უფლებაც ყველასთვის თანაბრად უზრუნველყოფილია, შესაბამისად, სახელწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორებისათვის სასურველ ადგილას გამართვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

NGO-ები მიუთითებენ  2011 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, “[შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით] თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს”, შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ დროებითი კონსტრუქციების განთავსების აკრძალვის შესაძლებლობა კი მხოლოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კონტექსტში სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით განიხილა.

“საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის, აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუკი ის ხელს არ უშლის გზის სავალ ნაწილს. ამდენად, სამართალდამცველთა ქმედება არამხოლოდ უკანონო, არამედ არაკონსტიტუციურია. პოლიციის ქმედება ასევე წინააღმდეგობაში მოდის ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. აღსანიშნავია, რომ “შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით” წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. შს მინისტრის განმარტება, რომ აღნიშნული აკრძალვა ემსახურებოდა პროვოკაციული ქმედებების თავიდან არიდებას, მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, უსაფუძვლოა და გვაფიქრებინებს, რომ პოლიცია მოქმედებს არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, არამედ პროტესტის გამოხატვისთვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ:

– შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა და აქციის მონაწილეებს მისცენ შესაძლებლობა, აქციის მიმდინარეობისას განათავსონ კარავი;

– მთავარ პროკურატურას – მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით აღნიშნული უფლების უკანონოდ შეზღუდვაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  • მწვანე ალტერნატივა
  • საფარი
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს  კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მისცეს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების, კარვის ჩამორთმევისა და ავტომანქანის ჩხრეკის შესახებ. ამავე დღეს, დაახლოებთ 23:00 საათზე, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს და მასთან ერთად მყოფ პირს არ მისცეს შესაძლებლობა, შეერთებოდნენ მიმდინარე აქციას და ძალისმიერი მეთოდებით ჩამოართვეს ჩანთა, რომელშიც კარავი იყო შენახული. აქციის ტერიტორიაზე მათი შეშვება, მხოლოდ კარვის ჩამორთმევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს მათ მიერ არჩეული მშვიდობიანი ფორმით შეკრების გამართვის შესაძლებლობას არ აძლევს. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა 2018 წლის 11 სექტემბერს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია შესაბამისი უწყებების მხრიდან მოჰყვა თუ არა სათანადო რეაგირება ამ ფაქტს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.