ახალი ამბები

მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია – სერგეენკო

27 სექტემბერი, 2018 • 1752
მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია – სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სჯერა, რომ ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული, რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე “წესიერი კაცია” და სასამართლო ობიექტურ რეალობას დაადგენს.

სერგეენკო ყველას მოუწოდებს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.

“მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. ყველას მინდა ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თავი შეიკავონ შეფასებისგან იმიტომ, რომ გია თვალავაძე წესიერი კაცია და მჯერა, რომ სასამართლო ობექტურად დაადგენს რეალობას”, – განაცხადა სერგეენკომ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

ამასთან, დავით სერგეენკოს თქმით, რეგულირების სააგენტოს უფროსის დაკავებამ უარყოფითად იმოქმედა როგორც სამინისტროს, ისე პირადად მის რეპუტაციაზე, ვინაიდან “მინისტრი პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც კი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მიმართულებებზე ხდება”.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 სექტემბერს დააკავა. სუს–ის ცნობით, თვალავაძე ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებითა არის დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი