ახალი ამბები

პარლამენტთან აქციის მონაწილეები დააკავეს

26 სექტემბერი, 2018 • 6352
პარლამენტთან აქციის მონაწილეები დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ  ორი პირი დააკავა.

დაკავებულები  არიან ნუკრი კუჭაშვილი და გიორგი ფანჯავიძე, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოების ტრანსფორმაციის ცენტრ Free Mind”-ის თანამშრომელი.

შსს-ს ცნობით, ისინი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს, თუმცა შსს არ აკონკრეტებს, რაში გამოიხატა ხულიგნობა.

გარდა ამისა, გამოძიება დაწყებულია საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით .

პარლამენტთან მიმდინარეობს ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია. დღეს მათ პოლიტიკოსებს მოუწოდეს მხარდაჭერისკენ, რის შემდეგაც პარლამენტთან “ევროპული საქართველოს” და ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” ლიდერები მივიდნენ.

ზაზა სარალიძე , რომლის არასრუწლოვანი  შვილი გასული წლის დეკემბერში მოკლეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის შვილიც პანკისში სპეცოპერაციის დაჭრეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა, უკვე თვეებია მართავენ აქციებს და მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი