ახალი ამბები

სარალიძე -მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ყველა პოლიტიკური პარტია მიიწვიეს

26 სექტემბერი, 2018 • 2462
სარალიძე -მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ყველა პოლიტიკური პარტია მიიწვიეს

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკოსებს მხარდაჭერას სთხოვენ – მათ ამ თხოვნით ყველა პოლიტიკური პარტიას 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს მიმართეს. 

ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, დღეს, 21:00 საათიდან შეუერთდნენ მათ საპროტესტო აქციას პარლამენტთან. პარლამენტარებს კი სთხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ.

“9 თვის მანძილზე სულ ერთი და იგივე რაღაც მესმის, რომ პოლიტიკურად მართულია ზაზა სარალიძე, პოლიტიკურად მართულია მალხაზ მაჩალიკაშვილი. დღემდე მაქსიმალურად ვინარჩუნებდით აპოლიტიკურობას. მაგრამ ხელისუფლებამ თავად გადაიტანა ეს პოლიტიკურში და პოლიტიკურად გვდევნიან. პოლიტიკამ მოუკლა მაჩალიკაშვილს შვილი, პოლიტიკოსები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს. მე ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ აქციაზე.


როგორც თავად განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რათა დაადასტურონ, მათი აქციები არ არის ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული.


ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ და პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ აქციები 11 სექტემბერს გაანაახლეს.

ისინი მაისსა და ივნისში გამართული მრავალათასიანი აქციების შემდეგ კვლავ ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ ხნის მანძილზე ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა საქმეების გამოსაძიებლად და დამნაშავე პირების დასასჯელად.

მაშინ გამართული აქციების შედეგად საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის დასკვნაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციის მიერ მომზადებულ დასკვნას,  თუმცა ცალკე დასკვნა გამოაქვეყნა “ქართულმა ოცნებამ”.

ოპოზიცია საკუთარ დასკვნაში გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლენილ მთელ რიგ ხარვეზებზე საუბრობს და ორი მინისტრის – თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

საგამოძიებო კომისიის დასკვნას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოყოლია. ზაზა სარალიძე “ოცნების” დასკვნას სამარცხვინო უწოდა:

“ქართულმა ოცნებამ” წარმოაჩინა ისე, თითქოს მე ვინტერესდებოდი მხოლოდ და მხოლოდ იმით, თუ ვინ დაანგრია ფარდული, ვინ გაღუნა დანა და რატომ მფარველობდნენ სუბელიანს. სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა. ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი: ვინ მოკლა დავით სარალიძე?”.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც მიიჩნევს, რომ როგორც დავით სარალიძის, ასევე მისი შვილის მკვლელებს ხელისუფლება ხელს აფარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი