ახალი ამბები

ბიზნესასოციაცია ელექტროსიგარეტსა და არაწვად თამბაქოზე რეგულაციის შერბილებას ითხოვს

26 სექტემბერი, 2018 • 1522
ბიზნესასოციაცია ელექტროსიგარეტსა და არაწვად თამბაქოზე რეგულაციის შერბილებას ითხოვს

“საქართველოს ბიზნესის ასოციაცია” ითხოვს, არაწვადი თამბაქოს ნაწარმზე, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტები და არამოსაწევი ახალი თამბაქოს ნაწარმი, იგივე რეგულაციები არ გავრცელდეს, რაც ე.წ. ტრადიციულ სიგარეტებზე. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება ასოციაციამ უკვე მოამზადა.

ბიზნესასოციაში მიიჩნევენ, რომ “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტი ბარიერებს უქმნის მწევლებს, წვდომა ჰქონდეთ პოტენციურად უკეთეს ალტერნატივებზე, ვიდრე ყველაზე მომაკვდინებელი თამბაქოს ნაწარმია.

როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის არსებული ფორმულირება გულისხმობს კანონის მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდვებისა და რეგულაციების არაწვად თამაბაქოს ნაწარმზე (ელექტონული სიგარეტი და ახალი თამბაქოს ნაწარმი) გავრცელებას. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ როგორც ევროპის წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა აჩვენებს, ასეთი ნაწარმი არ უნდა იყოს კლასიფიცირებული როგორც მოსაწევად განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი და არ უნდა მოექცეს ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებული იმ შეზღუდვებისა და რეგულაციების ქვეშ, რომლებიც შეეხება ჩვეულებრივად წვად და მოსაწევ თამაბაქოს ნაწარმს.

სწორედ ამ არგუმენტების გათვალისწინებით, “საქართველოს ბიზნესის ასოციაციის” მოთხოვნაა, კანონის შეზღდუვები არ გავრცელდეს ელექტრონულ სიგარეტსა და ახალ არაწვად თამბაქოს ნაწარმზე.

ბიზნესასოციაციის ცნობით, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად არ ისახავს ნიკოტინის ახალი და განვითარებადი ნაწარმის რეგულირების მიღმა დატოვებას. ის, უბრალოდ, მათი დაბალი რისკებიდან გამომდინარე, ამ პროდუქტების სხვაგვარად რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. საკანონმდებლო წინადადების ავტორების აზრით, თამაბაქოსა და ნიკოტინის ნაწარმზე, რომელთაც არ უკავშირდება წვის პროცესი, ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისი რეგულაციები უნდა შემუშავდეს.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის უმეტესი ნაწილი, რომლის მიხედვითაც შენობა-ნაგებობეში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა, ნაწილი – 1-ლი სექტემბრიდან, თუმცა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში დამატებით ცვლილებებს ითვალისწინებს. ამ კანონპროექტის თანახმად, მოწევა დასაშვები ხდება სლოტ-კლუბებში, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ეზოებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი