ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე საერთაშორისო ტრიბუნაზე წვდომას ითხოვს

26 სექტემბერი, 2018 • 2014
აფხაზური მხარე საერთაშორისო ტრიბუნაზე წვდომას ითხოვს

აფხაზური მხარე, კერძოდ, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება, ოფიციალური განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრის დროს განხილულ ჟენევის დისკუსიების სამომავალო პერსპექტივებს, რეგიონში არსებულ სიტუაციასა და საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ”.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება საერთაშორისო შუამავლების ობიექტური ინფორმირებისთვის თანაბარ შესაძლებლობებს ითხოვს:

“აფხაზური მხარის არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, სიტუაცია ცალმხრივ და უკიდურესად არაობიქტურ ხასიათს ატარებს”.

აფხაზური მხარის განცხადებით, საქართველოს ოფიციალური პირები სარგებლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობით და საერთაშორისო მოედნებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებენ.

“ცდილობენ დაარწმუნონ იმაში, რომ აფხაზეთში რთული ჰუმანიტარული სიტუაციაა, აქტიურად ირღვევა ადამიანის უფლებები და ა.შ. შესაბამისად, აფხაზური მხარე მოკლებულია შესაძლებლობას საკუთარი პოზიცია მიიტანოს საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლებამდე.

აფხაზური მხარე კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო შუამავლებს მოწოდებით, უზრუნველყონ თანაბარი წვდომა აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის ნებისმიერ საერთაშორისო მოედანზე, სადაც აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება”.

დღესდღეობით აფხაზურ და ოსურ მხარეთა წარმომადგენლები მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) პროცესში მონაწილეობენ.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი