ახალი ამბები

ავტორიზაციის სადავო კანონპროექტს პარლამენტი ოქტომბერში განიხილავს

26 სექტემბერი, 2018 • 1867
ავტორიზაციის სადავო კანონპროექტს პარლამენტი ოქტომბერში განიხილავს

პარლამენტში კანონპროექტის განხილვა, რომელიც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებას ეხება, ოქტომბრის დასაწყისში გაგრძელდება. ამის შესახებ რექტორთა და ავტორიზაციის საბჭოების წევრებთან გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა.

კანონპროექტი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ავტორებს მიაჩნიათ, რომ იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდით, ავტორიზაციის პროცესი 2020 წლამდე გაუხანგრძლივდეთ. კანონპროექტის ავტორების აზრით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ამ პერიოდში გასდით ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა, ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული დრო არ მიეცათ.

უნივერსიტეტის რექტორთა ნაწილი წარმოდგენილ ცვლილებებს მხარს უჭერს. კანონპროექტი მოსწონთ იმ უმღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებსაც, რომლებმაც ავტორიზაცია უკვე გაიარეს. თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი ვატო ლეჟავა დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს. მიზეზად კი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის დამატებით დროს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, უნივერსიტეტებს სჭირდებათ.

“უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის მეტი დროის მიცემა იქნებოდა სწორი გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც ამ სფეროში ახლა არის შექმნილი. ეს ცვლილებები უფრო ადრე რომ დაწყებულიყო, უკეთესი იქნებოდა, თუმცა უფრო გვიან რომ მოხდეს, ამაზე უარეს შედეგს მივიღებთ”, – ამბობს ლეჟავა.

უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორთა ნაწილი შეხვედრაზე ინიციატივითაც გამოვიდა, რომ იმ დაწესებულებებმა, რომლებმაც ავტორიზაცია უკვე გაიარეს, რაც მათთვის გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული, სახელმწიფომ გარკვეული თანხა კონპენსაციის სახით გადაუხადოს. რექტორთა გარკვეულმა ნაწილმა კი კომიტეტს მიმართა უკვე ავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივების ინიციატივით.

მიუხედავად იმისა, რომ 20 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) ერთი წლით სტუდენტების მიღება აუკრძალა, კანონპროექტს მხარს უჭერს ილიას ჩილოღლუ. IBSU – ს რექტორი ამ გადაწყვეტილებას ავტორიზაციის პროცესში არსებული ხარვეზებით ხსნის.

“ავტორიზაციის პროცესი ძალიან დამღლელია. ძალიან ბევრი სტანდარტია, რომლებიც უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა უნდა დააკმაყოფილონ. ის ერთი წელი, რაც ჩვენ გვქონდა, საკმარისი არ იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დამატებითი დროის მიცემა ცუდი აზრი არ არის”, – ამბობს ილიას ჩილოღლუ.

კანონპროექტს ეწინააღმდეგება ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე დავით აფრასიძე. მისი თქმით, ცვლილების მიღების  შემთხვევაში, სახელმწიფოს უსამართლო მიდგომა ექნება უნივერსიტეტების იმ ნაწილის მიმართ, რომლებმაც ავტორიზაცია უკვე გაიარეს. კითხვას, მორგებულია თუ არა კანონპროექტი კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, დავით აფრასიძე არ პასუხობს.

“ჩემი აზრით, ავტორიზაციის პროცესის გარკვეული ნაწილი უნდა დასრულდეს, რათა ჩვენ მივიღოთ მონაცემები, დავამუშაოთ და მივხვდეთ, რა ხარვეზებია ამ პროცესში”, – ამბობს აფრასიძე.

შეხვედრას უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი ირინა დარჩია ესწრებოდა, ვინც იმ 8 ექსპერტს შორისაა, რომლებიც კანონპროექტს ღიად ეწინააღმდეგებიან. მისი თქმით, შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცერექტორის სტატუსით ესწრებოდა.

ირინა დარჩია აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუშლის საქართველოს გაწევრიანებას ENQA – ში (ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაცია). ექსპერტმა შეხვედრაზე განმარტა, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებს დაეხმარება, სტუდენტები ევროპის ქვეყნებიდანაც მოიზიდონ.

“როცა გვინდა ევროკავშირის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის სტუდენტების საქართველოში მოწვევა, ყოველთვის გვეკითხებიან, ვის მიერ არის ჩვენი პროგრამები აღიარებული. როცა მათ ვეუბნებით, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, მაშინვე კითხულობენ, არის თუ არა ის ENQA – ს წევრი. ამ ორგანიზაციაში არგაწევრიანება ნაკლებად სანდო უმაღლეს განათლებასა და ნაკლებად სანდო დიპლომს ნიშნავს”, – ამბობს დარჩია.

ექსპერტი განმარტავს, რომ კომიტეტი ცვლილებების თაობაზე აზრს ეკითხება რექტორებს, რომლებიც პროცესში მხარეს წარმოადგენენ. შესაბამისად, ბუნებრივია, როცა უმეტესობას კანონპროექტი მოსწონს.

“რეალურად, ჩვენ რექტორებს ვეკითხებით, უნდათ თუ არა შემოწმება და ეს პროცესი მალე სურთ თუ ცოტა მოგვიანებით. რა თქმა უნდა, ყველა რექტორს ურჩევნია გვიან შეამოწმონ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჩვენ რა გვინდა, სახელმწიფოს რა უნდა. “ნაციონალური მოძრაობის” დროს, 2009 წელს, ENQA – ში გაწევრიანების მცედლობა იყო. დღეს, “ქართული ოცნების” დროს ამის რეალური შანსი არსებობს. არ მესმის, კომიტეტს უკან რატომ მიაქვს თავისივე პოლიტიკური გუნდის მონაპოვარი განათლების პოლიტიკის სფეროში”, – ამბობს ირინა დარჩია.

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების მტკიცებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციაში გაწევრიანება ვეღარ მოხდება, რადგან ENQA-ში გაწევრიანების მიზნით წარდგენილი ოფიციალური განაცხადი და ყველა დოკუმენტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისია.

შეხვედრაზე, სადაც კანონპროექტი უნდა განეხილათ, არ მიიწვიეს უმაღლესი განათლების რეფორმის ის ექსპერტები, რომლებიც ცვლილებებს აკრიტიკებენ. მარიამ ჯაშის თქმით, რადგან ექსპერტების რაოდენობა ძალიან დიდია, შეხვედრა ღია იყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება.

უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებას უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები ეწინააღმდეგებიან. ისინი თვლიან, რომ ამ ცვლილებით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები არათანაბარ მდგომარეობაში იქნებიან. კონკრეტული უნივერსიტეტების ინტერესებზე საუბრობს “ევროპული საქართველოს” წევრი  სერგო რატიანი.

პარლამენტის წევრის თქმით, ეს ორი უნივერსიტეტი არის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და ევრორეგიონული უნივერსიტეტი. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში კანონპროექტის ერთ – ერთი ავტორის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ნათესავი მუშაობს. მარიამ ჯაში ნეპოტიზმის საკითხს უარყოფს და აცხადებს, რომ ცვლილება არ ეხება კონკრეტულ უნივერსიტეტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი