სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ვიძიებთ – პროკურატურა პალიტრამედიის სტამბაში შესვლაზე

მთავარი პროკურატურა იძიებს “აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვას.

პროკურატურის განცხადებით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს “კოლორპაკმა” [პალიტრამედიის სტამბა], “აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი, ხოლო კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, კრედიტის გაცემისა და შემდგომში მისი ხარჯვის მონიტორინგის მექანიზმების შესწავლის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გასცა განჩინება შპს “კოლორპაკის” სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღების თაობაზე.

პროკურატურა განმარტავს, რომ პალიტრამედიის სტამბიდან “აწარმოე საქართველოში” პროგრამით მიღებულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღება მიზნად ისახავს მხოლოდ ამ კონკრეტული პროგრამით მიღებული თანხების ხარჯვის მონიტორინგის შესწავლას და შპს “კოლორპაკს” არ ეზღუდება საქმიანობის შესაძლებლობა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

გუშინ, 24 სექტემბერს, პალიტრამედიის სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ. პალიტრამედიის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინებით, გამომძიებლებმა 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი) მოითხოვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.