დიაგნოზის გასაჯაროებით სახელმწიფომ მერაბიშვილის უფლებები დაარღვია – არასამთავრობოები

რვა არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს 2018 წლის 24 სექტემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული განცხადება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

2018 წლის 23 სექტემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით გასულ სიუჟეტში მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა ისაუბრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით და გამოთქვა ვარაუდი მსჯავრდებულის მიზანმიმართული ინტოქსიკაციის შესახებ. საპასუხოდ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილია არა მხოლოდ მერაბიშვილის მიმართ ჩატარებული გამოკვლევები, არამედ მათ შედეგად მსჯავრდებულისთვის დასმული დიაგნოზებიც. მერაბიშვილის ადვოკატების ინფორმაციით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აღნიშნული მონაცემების გავრცელებაზე მსჯავრდებულისგან თანხმობა არ მოუპოვებია. კონფიდენციალური ხასიათის სამედიცინო ინფორმაციის გასაჯაროება პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საჯარო ინტერესითა და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილებით ახსნა.

“წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტებით, თანხმობის გამოხატვის თავისუფლება და კონფიდენციალურობის დაცვა არის ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის დამყარებისათვის, განსაკუთრებით, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სადაც პატიმარს არ შეუძლია ექიმის თავისუფლად არჩევა”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

არასამთავრობოები იშველიებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, კერძოდ, საქმეს “ზ. ფინეთის წინააღმდეგ”. ამ საქმეში სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “პერსონალური ინფორმაციის, განსაკუთრებით კი სამედიცინო მონაცემების დაცვა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრინციპია კონვენციის ყველა ხელმომწერი მხარის სამართლებრივ სისტემაში. აღნიშნულ პრინციპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პაციენტის პრივატულობის პატივისცემის, არამედ, ასევე, სამედიცინო პროფესიისა და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის მიმართ მისი ნდობის შენარჩუნების თვალსაზრისითაც.”

“იმისთვის, რომ სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევამ არ გამოიწვიოს ევროკონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, ევროსასამართლო ამოწმებს, რომ ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლებლობა დაშვებული იყო ქვეყნის კანონმდებლობით გარკვეულ, ნათლად განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძოდ, თუ ეს ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირის უფლება პირად ცხოვრებაზე და აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც მათ შორის გულისხმობს, რომ იმავე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა სხვა, ადამიანის უფლებების ნაკლებად ხელმყოფი საშუალებებით შეუძლებელი იქნებოდა”, – აცხადებენ არასამთავრობოები. ისინი ასევე იშველებენ კონსტიტუციის 41–ე მუხლის მეორე პუნქტს კანონს “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ”, ასევე კანონს “პაციენტის უფლებების შესახებ”. ორგანიზაციებისვე შეფასებით, პაციენტის პერსონალური მონაცემების გამჟღვანების საგამონაკლისო შემთხვევებს კანონმდებლობა ადგენს და ამ ჩარჩოში არ ჯდება მერაბიშვილის შემთხვევა. მათივე განცხადებით, სახელმწიფომ მერაბიშვილის მიმართ ყველა ზემოჩამოთვლილი კანონი დაარღვია.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  • მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს ივანე მერაბიშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
  • მოვუწოდებთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ მსჯავრდებულ ი. მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე გამოთქმულ ვარაუდებს, მსჯავრდებულს უმოკლეს ხანში ჩაუტარონ ყველა შესაბამისი გამოკვლევა და უზრუნველყონ მისი ადეკვატური მკურნალობა”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ (RCT/Empathy);
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG);
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

არსამთავრობოების განცხადება სრულად ნახეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.