ახალი ამბები

მღვდელმთავრის პორტრეტი და ორნამენტები – რა აღმოაჩინეს ნიკორწმინდაში

25 სექტემბერი, 2018 • 4020
მღვდელმთავრის პორტრეტი და ორნამენტები – რა აღმოაჩინეს ნიკორწმინდაში

ნიკორწმინდის ფასადების საკონსერვაციო პროცესისას გამოვლინდა ამ დრომდე უცნობი რელიეფის უნიკალური ნაშთები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის გუმბათის ყელის ქვედა ნაწილში მიმდინარე კონსერვაციის დამასრულებელი ფაზის სამუშაოებისას აღმოაჩინეს ქვაში ნაკვეთი ფრაგმენტები.

“მათზე ერთ-ერთი მღვდელმთავრის პორტრეტი და ნიკორწმინდისთვის სახასიათო მდიდარი ორნამენტია წარმოდგენილი. სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფის წევრებმა რელიეფურ წყობას ტაძრის მკლავისა და გუმბათის ყელის კონსტრუქციული ბმის იმ სეგმენტზე მიაგნეს, სადაც ფასადი ბათქაშის ადრესარესტავრაციო ფენის ნარჩენისაგან უნდა გაწმენდილიყო.

ორნამენტული რიგი გადახურვის ხის კონსტრუქციის ქვეშ იყო მოქცეული და ამ დრომდე თვალთახედვის არეში არ ხვდებოდა. ის არც ნიკორწმინდის ტაძრის თუნუქით გადახურვის პროცესისას შეუმჩნევიათ, რომელიც დაახლოებით 15 წლის წინ განხორციელდა.

ნიკორწმინდის აღმოსავლეთ მკლავის გადახურვა სხვა მკლავების სახურავთან შედარებით მაღალია, რასაც მისი საპირე წყობის ქვების სიმაღლე განაპირობებს”, – აცხადებენ სააგენტოში.

რესტავრატორების დასკვნის მიხედვით, ახლად გამოვლენილი ორნამენტული კარნიზიც ამ დრომდე არ ჩანდა სწორედ ამ გარემოების გამო.

პირველადი მონაცემების საფუძველზე რესტავრატორები ვარაუდობენ, რომ ახლად გამოვლენილი რელიეფური ორნამენტები ნიკორწმინდის გუმბათის ორნამენტების თანადროულია (XI საუკუნე) და მისთვის დამახასიათებელი ქვაშიკვეთილობის სტილითაა შესრულებული.


ნიკორწმინდის ექსტერიერის ფასადზე ქვის საკონსერვაციო სამუშაოებს,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთის საფუძველზე, მიმდინარე წლიდან ახორციელებს სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფი მხატვარ-რესტავრატორ ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით. საკონსერვაციო პროექტი მოიცავს ტაძრის ყველა ფასადის საპირე წყობის მთლიანი სეგმენტების კირხსნარის ინექტირების მეთოდით გამაგრებას, ბზარების კონსოლიდაციას, დაძრული ქვების შეწებებისა და დაანკერების მეთოდოლოგიით გამაგრებასა და ცემენტის ნალესობის კირხსნარით შეცვლას. ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები მიმდინარე წელსვე უნდა დასრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი