ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი პრემიერ ფაშინიანს სასამართლოში უჩივის

25 სექტემბერი, 2018 • 1709
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი პრემიერ ფაშინიანს სასამართლოში უჩივის

სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ქოჩარიანის მტკიცებით, ფაშიანიანმა მას პატივი და ღირსება შეულახა, როდესაც 2008 წლის 1 მარტის აქციის დროს დაპირისპირების შედეგად აქციის მონაწილეთა მკვლელობაში დაადანაშაულა.

საქმე შეეხება 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენებს, როდესაც მიტინგის დროს პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 250 კი დაშავდა. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს სწორედ რობერტ ქოჩარიანი იკავებდა.

სომხეთში ახალი ხელისუფლების, კერძოდ, ნიკოლ ფაშიანიანის მოსვლის შემდეგ ყოფილ მაღალჩინოსნებზე რიგი საქმეები აღიძრა. მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანზე, რომელიც 2018 წლის 27 ივლისს დააკავეს 2008 წლის 1-2 მარტის აქციის დაშლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდებით. 13 აგვისტოს სასამართლომ ის ხელშეუხებლობის მიზეზით გაათავისუფლა.

მოგვიანებით, ერთ-ერთი გამოსვლის დროს კი, ფაშინიანმა ამის შესახებ განაცხადა: რას ნიშნავს ხელშეუხებლობა? ანუ შეიძლება ადამიანების მკვლელობის ორგანიზება და ამავე დროს ხელშეუხებელი იყო?

შესაბამისად, ქოჩარიანის ადვოკატის, არამ ორბელიანის განცხადებით, სასამართლოში სარჩელით ქოჩარიანი სასამართლოსგან მოითხოვს “ფაშიანიანის საჯარო ცილისწამების შემდეგ საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვას”.

11 სექტემბერს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქოჩარიანის მიმართ ფინანსური მაქინაციებისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი