ქუთაისის აეროპორტში გამთენიისას ელექტროენერგია გაითიშა

ქუთაისის აეროპორტში გამთენიისას, დაახლოებით ნახევარი საათით ელექტროენერგია გაითიშა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, აეროპორტის ოპერირების მხრივ ელექტროენერგიის გათიშვას პრობლემები არ შეუქმნია.

“გლობალური გათიშვა მოხდა, მხოლოდ აეროპორტში არ წასულა დენი. ამ დროს ავტომატურად ხდება ხოლმე გადართვა უწყვეტი დენის წყაროზე, მაგრამ ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, გადართვას გარკვეული დრო დასჭირდა და დაახლოებით 20-30 წუთი იყო ელექტროენეგია გათიშული”, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ცნობით კი, ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ მხოლოდ 15-წუთიანი წყვეტა იყო, რაც ერთ-ერთი “ფიდერის” ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია.

“ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს აეროპორტის მთავარ ენერგეტიკოსთან. მისი თქმით, დენის გათიშვისთანავე ავტომატურად ჩაირთო უწყვეტი დენის წყარო. აეროპორტს დაცვის რამდენიმე სისტემა აქვს, მათ შორის, თავის მფლობელობაში არსებული მკვებავი ხაზი, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, იმ დროისთვის აღნიშნული “ფიდერი” შეკეთებაში ჰქონდათ და ამიტომ იყვნენ ჩვენს კვებაზე”, – აცხადებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი