ახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

26 სექტემბერი, 2018 • 10976
უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

რა პოზიცია უნდა დაიკავოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველომ და არის თუ არა რეალური გამოწვევა რუსეთის შესაძლო გააქტიურება ე.წ. „აფხაზეთის ეკლესიისადმი“?

უკრაინის ეკლესიის სტატუსი ისტორიულ კონტექსტში

უკრაინის ეკლესიაში არსებული ვითარება, ამჟამინდელი მოცემულობით, არაერთგვაროვანია. ქვეყანაში სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებს:

  • კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებს და მოსკოვის „ხელისუფლებას“ არ ცნობს.
  • კიდევ ერთი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვს ექვემდებარება და რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩევა.
  • მესამე კი უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: ის 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა, რიგი პრობლემების შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აღდგა.

თუმცა წინააღმდეგობისა და უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვის ფესვები გაცილებით ღრმაა და საბოლოოდ შუა საუკუნეებამდე მივყავართ.  X საუკუნე იწურებოდა, როცა კიევის დიდმა მთავარმა ვლადიმირმა სამთავროს ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა და კიევის სამიტროპოლიტოც შეიქმნა. 1243 წლამდე მღვდელმთავრებს აქ კონსტანტინოპოლი ნიშნავდა.

მიტროპოლიტის ინიციატივით,  მონღოლების შემოსევის შედეგად სამიტროპოლიტო განადგურებული კიევიდან ახლად წამორქმნილი სამთავროს დედაქალაქ მოსკოვში მხოლოდ XIV საუკუნეში გადავიდა, თუმცა კიევის მიტროპოლიტის ტიტული შენარჩუნდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოსკოვის წინააღმდეგობის გამო, სტრუქტურა პირვანდელი სახით ვერ აღდგა.

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი აღნიშნავს, რომ XVII საუკუნის მიწურულს, როცა მოსკოვმა საბოლოოდ ჩაიგდო ხელში კიევის მიტროპოლია, კანონიკური წესები დაირღვა. მისი თქმით, მოსკოვმა, რომელიც ახლა თავად საუბრობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დაუშვებლობაზე, თვითონ გამოაცხადა ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის დაუკითხავად.

„1448 წელს მოსკოვის სამთავროს ეპისკოპოსებმა, თვითნებურად, კონსტანტინოპოლთან შეთანხმების გარეშე, საკუთარ მიტროპოლიტად აირჩიეს იონა რიაზანელი. სწორედ ეს თარიღი ითვლება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების თარიღად. კონსტანტინოპოლმა მხოლოდ 141 წლის შემდეგ, 1593 წელს აღიარა. მოგვიანებით, 1686 წელს, მოსკოვის საპატრიარქომ, კანონიკური წესების მრავალგზის უგულებელყოფის გზით, მოახერხა კიევის მიტროპოლიის მიტაცება“, – ამბობს თეოლოგი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

კონსტანტინოპოლისგან თვითნებურ გამიჯვნას რუსეთის ეკლესია დღემდე ამართლებს. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მოვლენა ასე ახსნა:

„ეს მოხდა არა იმიტომ, რომ რუსულ ეკლესიას კონსტანტინოპოლისგან გამიჯვნა სურდა, არამედ იმიტომ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იმ დროს უნიაში იმყოფებოდა რომის პაპთან, რაც ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი პატრიარქი კონსტანტინოპოლში არ იმყოფებოდა“.

საუკუნეთა მანძილზე მოსკოვის მიერ გამყარებული წესრიგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაირღვა, როცა უკრაინას სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასთან ერთად ეკლესიის რუსეთისაგან სრული გამიჯვნის მისწრაფებაც გაუჩნდა. ჯერ ბორის ელცინის, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინის მთავრობათა გავლენით, ყველა ასეთი ცდა ამ დრომდე, უშედეგოდ სრულდებოდა.

თუმცა ამჟამინდელმა პატრიარქმა და მაშინდელმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნა მაინც მოახერხა. მისდამი ლოიალურად განწყობილმა სასულიერო პირებმა და კიდევ ერთი არაღიარებული, დამოუკიდებელი ერთეულის – უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებმა, 1992 წლის 25 იანვარს კომბინირებული ეკლესია გამოაცხადეს კიევის საპატრიარქოს სახელით. სწორედ ეს ეკლესია იბრძვის ამჟამად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოსაპოვებლად.

უკრაინა ავტოკეფალიის მოლოდინში, უკომპრომისო რუსეთი და კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია პატრიარქმა ბართლომემ 23 სექტემბერს სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახადა: როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

„ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიები უახლესი ავტოკეფალური ეკლესიებია, რომელთაც ეს სტატუსი ეკუმენურმა[კონსტანტინოპოლის მსოფლიო] საპატრიარქომ 1998 წელს მიანიჭა. ახლა უკრაინის ჯერია, რომელიც მიიღებს ავტოკეფალიის სტატუსს, ვიმედოვნებ, დიდი ხნით, მიუხედავად რიგი რეაქციებისა, იმიტომ, რომ ეს მისი უფლებაა“, – ციტირებს მას “უნიანი”.

ბართლომე ხაზგასმით აცხადებს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს არავისი ეშინია.

„ჩვენ არ გვეშინია საფრთხეების. ეკუმენური საპატრიარქო არც არავის ემუქრება და არც ვინმეს მუქარის ქვეშაა, არამედ სტაბილურად აგრძელებს წმინდა სამოციქულო წესების დაცვას“, – ამბობს ის.

მოსკოვი არ ფიქრობს, რომ ვითარება ასეთი მარტივი და ერთგვაროვანია. ერთი კვირა შესრულდა მას შემდეგ, რაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე  ლოცვებში აღარ მოიხსენიებს „თანასწორთა შორის პირველს“ – ბართლომეს.

ბოლო წვეთი ამ კუთხით კონსტანტინოპოლის მიერ კიევში ორი ეგზარქოსის მივლენა გახდა, რომლებიც ქვეყანას ავტოკეფალიის წინა პროცედურების გავლაში უნდა დაეხმარონ. მოსკოვის საპატრიარქოს წარმოადგენელმა 14 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კონსტანტინოპოლს „საეკლესიო კანონების წინააღმდეგ მოქმედი“, მის ქმედებებს კი „მოსკოვის კანონიკურ ტერიტორიაზე შემოჭრა“ უწოდა.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინის პრეტენზია სრულიად ადეკვატურია, ვინაიდან სწორედ უკრაინა იყო ჩრდილოეთ სლავურ სამყაროში ქრისტიანობის ერთგვარი წიაღი. თუმცა, ისტორიული მოცემულობის გარდა, თეოლოგი იმ მთავარ წინაპირობას უსვამს ხაზს, რომლითაც ეკლესიებს ავტოკეფალია ენიჭებათ.

„პრინციპი მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისა სწორედ ერისა და ეკლესიის გაგებაზეა დაფუძნებული. ამ ფონზე სრულიად ადეკვატურია ის მოთხოვნა, რომელსაც უკრაინის ეკლესია აყენებს სხვა ეკლესიების წინაშე და ისტორიულ–სამართლებრივ კონტექსტს თავი რომ დავანებოთ, ძირითადი პოსტულატი არის ეს.

ამის საფუძველზე მიენიჭათ ავტოკეფალია ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის ეკლესიებს, ასევე აშშ–ის ავტოკეფალურ ეკლესიას, რომელსაც რუსეთმა მიანიჭა ავტოკეფალია და კონსტანტინოპოლი მას არ აღიარებს. გარდა გეოპოლიტიკური მოტივაციებისა, რუსეთის ეკლესიას სხვა არანაირი არგუმენტი არ აქვს იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე გარდაუვალია“, – განუცხადა ბექა მინდიაშვილმა „ნეტგაზეთს“.

საქართველოს ეკლესიის ბუნდოვანი პოზიცია და აფხაზეთი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პოზიცია უკრაინის საკითხზე ამ დროისთვის უცნობია, თუმცა კიევის პატრიარქი ქართული მხარის მხარდაჭერას ელის. როგორც მან რ2–თან საუბრისას აღნიშნა, საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიის მიმართულებით საერთო გამოცდილებას იზიარებენ.

„მათ უნდა დაგვიჭირონ მხარი, რადგან ჩვენც მართლმადიდებლები ვართ და ქართველებიც. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ვიყოთ ერთად. რუსეთი თავს დაესხა საქართველოსაც და უკრაინასაც. ჩვენ თანაბრად დავზარალდით და ერთად უნდა ვილოცოთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია ამ ლოცვაში შემოგვიერთდება“, – ამბობს ფილარეტი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრები მედიასაშუალებებთან მხოლოდ ცალკეული განცხადებებით შემოიფარგლებიან. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ უკრაინას ავტოკეფალიის მოთხოვნის უფლება აქვს და მისი აღსრულება რუსეთისთვის დიდი დარტყმა იქნება. მიტროპოლიტი ანანია კი აღნიშნავს, რომ საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხოლოდ მას შემდეგ აღიარებს, რაც მას ცნობენ „დედაეკლესია რუსეთი“ და სხვები.

„ჯერ დედაეკლესია, ანუ რუსეთის საპატრიარქო, შემდეგ კონსტანტინეპოლი, ბულგარეთი, ფინეთი, კვიპროსის ეკლესია და ა.შ.“, – ამბობს ის “პირველ არხთან” საუბრისას.

მირიან გამრეკელაშვილი არ ელის საქართველოს ეკლესიის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით პოზიციის სწრაფად დაფიქსირებას. მისი ვარაუდით, ქართული მხარე, სხვა ეკლესიების მსგავსად, კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას ელის, თუმცა მისი პოზიციები ამ დროისთვის მეტწილად პრომოსკოვურია.

„ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ქართველი იერარქი, რომელიც ისტორიული ვითარების სპეციალისტად ითვლება სინოდის შემადგენლობაში, რუსეთის საპატრიარქოს არათუ უკრაინის, საქართველოს დედაეკლესიად აღიარებს. თუმცა იერარქთა სხვა ნაწილი უფრო რეალისტურად აღიქვამს შექმნილ მდგომარეობას და უკრაინის ავტოკეფალიას ემხრობა. რთულია, მსგავს ჩახლართულ სიტუაციაში საკუთარი სტრატეგია ცალსახად განსაზღვრო, მაგრამ მინიმუმ ნეიტრალური პოზიცია იქნებოდა სასურველი საქართველოს ეკლესიის მხრიდან“, – აცხადებს თეოლოგი.

საქართველოს კონტექსტში,  უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე საპატრიარქოს პოზიციასთან ერთად, დღის წესრიგში დგას ე.წ. აფხაზეთის ეკლესია და რუსეთის მხრიდან მისდამი შესაძლო გააქტიურება დგას

აფხაზეთის საეკლესიო სივრცეში დღეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი მოქმედებს – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. პირველი მათგანი მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლასა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლას ითხოვს. მეორე მათგანი კი რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს და დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობს.

მირიან გამრეკელაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა მართლაც შეიძლება საპასუხოდ აღიაროს ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია, თუ ქართული მხარის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იქნება. თუმცა თეოლოგი ფიქრობს, რომ ეს თვითნებური პროცედურა იქნება, „საერთაშორისო აღიარებისა და ლეგიტიმაციის გარეშე“.

როგორც ცნობილია, რუსეთის პატრიარქი საქართველოს პატრიარქ ილია II -ს დღესაც არ მოიხსენიებს სრული სტატუსით მისალოც წერილებსა თუ სხვა დოკუმენტაციაში.

ილია მეორის ტიტული ასეთია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა. კირილე მას ასე მოიხსენიებს: “მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე”.

გარდა ამისა, მიუხედავად უფლებისა და სურვილის არაერთგზის დაფიქსირებისა, ქართულ სამღვდელოებას აფხაზეთში ჩასვლისა და საეკლესიო საქმიანობის შესაძლებლობა დღემდე არ ეძლევა.

ბექა მინდიაშვილის აზრით კი, რუსეთის ეს შესაძლო ნაბიჯი ბევრს არაფერს შეცვლის, ვინაიდან ოკუპირებული რეგიონის რელიგიური წრეები ისედაც მოსკოვის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. თეოლოგი აფხაზეთისა და ოსეთის საეკლესიო საკითხს ერთგვარ საბუთად მიიჩნევს საქართველოს ეკლესიის ხელში, რომლითაც ის „თავის პრორუსულ ორიენტაციას“ ამართლებს.

„[უკრაინის] საკითხი ძალიან მკაფიოდ დაისმება და შესაძლებელია, ბოლო იყოს საქართველოს ეკლესია, რომელიც თავის პოზიციას გამოხატავს. ერთი მხრივ, რუსეთთან კავშირების გამო და, მეორე მხრივ, იმის გამოც, რომ ძალიან უხერხულ სიტუაციაში შეიძლება ჩაიგდოს თავი იმ შიშების საფუძველზე, როცა ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის იდეის პასუხად წამოწევს ხოლმე აფხაზეთსა და ოსეთს.

სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ისედაც რუსეთის ეკლესია და სპეცსამსახურები განკარგავენ ეკლესიის ცხოვრებას. [რუსეთის მხრიდან] ეს იქნება უკიდურესად ფორმალური აღიარება, რომელსაც სხვები არ გაიზიარებენ. ასევე, ეს იქნება კონტრპროდუქტიული რუსეთისათვის, რადგან მწვანე შუქს აუნთებს კიდევ უამრავი სხვა ავტოკეფალური ეკლესიის აღიარების პროცესს“, – განუცხადა თეოლოგმა „ნეტგაზეთს“.

საერთო მართლმადიდებლური მრწამსი და “ერთმოწმუნე ძმის” ნარატივი ერთ–ერთი მთავარი ბერკეტია, რომელსაც მოსკოვი პროპაგანდისტული კამპანიებისას საქართველოსთან მიმართებით იყენებს.

დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციის მცდელობები რუსული “ტრადიციული ფასეულობების” წინ წამოწევის გზით თავად მოსკოვის ეკლესიისგანაც ნაცადი პრაქტიკაა.

მოცემულ ვითარებაში საინტერესოა: თუ რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ავტოკეფალიას ოფიციალურად აღიარებს და საქართველოს ეკლესიასთან ღია კონფლიქტში შევა, ეს როგორ აისახება და რა გავლენას იქონიებს “ერთმორწმუნე ძმის” ნარატივზე?

რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების შესახებ გზავნილები პრორუსულ პროპაგანდისტულ მედიაში უკვე ისმის. მათ “მედიის განვითარების ფონდის” მკვლევარი, სოფო გელავა აკვირდება. მისი თქმით, პროპაგანდისტულ მასალებში ზემოაღნიშნული პროგნოზი მართლაც განიხილება საფრთხედ, თუმცა ამას არა “ერთმორწმუნე ძმას”, არამედ ისევ დასავლეთს აბრალებენ, რომელმაც ეკლესიაში “განხეთქილება შეიტანა”. მსოფლიო პატრიარქი პროპაგანდისტულ მასალებში წარმოდგენილია, როგორც აშშ–ის გავლენის ქვეშ მყოფი.

სოფო გელავა ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ავტოკეფალიის შესაძლო აღიარება საქართველოში პრორუსულ ნარატივს არ გაანეიტრალებს. მისი თქმით, პროპაგანდა ავტოკეფალიის თემასაც  დასავლეთს დააბრალებს, კრემლის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების მსგავსად.

პოლიტიკის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელიაც ფიქრობს, რომ კრემლის პროპაგანდა საქართველოში ამ საკითხის ისევ დასავლეთისთვის გადაბრალებას ეცდება, თუმცა ის არ ფიქრობს, რომ მოსკოვი ამაში ბევრი ადამიანის დარწმუნებას შეძლებს.

გეგელიას თქმით, დღეისათვის რუსეთის რბილი ძალა ორ სვეტზე დგას: დეზინფორმაციასა და ერთმორწმუნე ძმის მითზე, რომელიც მთლიანად დაინგრევა, თუ ეს უკანასკნელი აფხაზეთის ავტოკეფალიას აღიარებს და ამით ღია კონფლიქტში შევა საქართველოს საპატრიარქოსთან.

“თუ რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ავტოკეფალიას აღიარებს, ამით მათი პატარა და სუსტი სვეტიც კი ჩამოინგრევა. რუსულ პროპაგანდას დღეს აქვს მცდელობა, რომ თავი ერთმორწმუნე ძმად წარმოაჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ ამას რეალური საფუძველი არ გააჩნია არც ისტორიასა და არც პრაქტიკაში. ზოგიერთ ადამიანზე საქართველოში, სამწუხაროდ, ეს ჭრის. ერთ-ერთი “რეალური” არგუმენტი, რაც რუსეთის სასარგებლოდ დღეს დარჩა, არის ის, რომ რუსეთის ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთს”, – ამბობს გეგელია, რომელიც ასევე ვარაუდობს, რომ მოსკოვის ეკლესიის მხრიდან აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარება შეამცირებს საქართველოში ამბიონებიდან პრორუსული ნარატივების გავრცელებასაც.

გრიგოლ გეგელიას თქმით, თავისთავად ერთმორწმუნეობის ნარატივიც მთლიანად ტყუილზეა დაფუძნებული, რადგან სწორედ რუსეთია საქართველოს ავტოკეფალიისა და ეკლესიის ისტორიული მტერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი