ახალი ამბები

რუსეთი სირიას S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიაწოდებს

24 სექტემბერი, 2018 • 1637
რუსეთი სირიას S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიაწოდებს

რუსეთი აპირებს, სირიას გადასცეს საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-300.

გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 24 სექტემბერს, სირიის მიერ რუსული თვითმფრინავის შემთხვევით ჩამოგდებიდან ერთი კვირისთავზე გამოაცხადა.

შოიგუს თქმით, S-300 სისტემის რაკეტები ორ კვირაში გადაეცემა სირიას.

17 სექტემბერს სირიამ შემთხვევით ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი, რის შედეგადაც 15 ჯარისკაცი დაიღუპა.

თვითმფრინავის ჩამოგდებას სირია და რუსეთი ისრაელს აბრალებენ, თუმცა ეს უკანასკნელი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.

შოიგუს თანახმად, სარაკეტო სისტემა ადრეც უნდა გადაეცათ სირიისათვის, თუმცა 2013 წელს ამ ინიციატივას ისრაელმა შეუშალა ხელი. “ახლა სიტუაცია შეიცვალა და ეს ჩვენი ბრალი არაა”, -განაცხადა მან.

სისტემის გადაცემის შემდეგ სირიას შეეძლება რუსული თვითმფრინავების იდენტიფიცირება.

სირიის სამოქალაქო ომში რუსეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს.

მომზადებულია BBC-ის მასალებზე დაყრდნობით.

გარეკანის ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი