ახალი ამბები

შეზღუდული ხელმისაწვდომობა და ნაკლები კვალიფიკაცია – მთავარი გამოწვევები ბაღებში

24 სექტემბერი, 2018 • 2073
შეზღუდული ხელმისაწვდომობა და ნაკლები კვალიფიკაცია – მთავარი გამოწვევები ბაღებში

შეზღუდული ხელმისაწვდომობა და განათლების ხარისხის ნაკლებობა – ეს არის ის ორი ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს სკოლამდელი განათლების ქართული სისტემა დგას. ექსპერტები თანხმდებიან, რომ თითოეული პრობლემა კომპლექსურია და სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს. ეს ცხადად არის ასახული იმ კვლევაშიც, რომელიც გაეროს ბავშვთა ორგანიზაციამ (UNICEF) მოამზადა.

შეზღუდული ხელმისაწვდომობა

როგორც UNICEF-ის 2018 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია, სკოლამდელ განათლებას საქართველოში 2-დან 5 წლამდე ბავშვთა მხოლოდ 69.5 პროცენტი იღებს. თუმცა, აღნიშნული მონაცემი ევროპის მაჩვენებელს (4-დან 6 წლამდე ბავშვების 95%) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ნაკლებია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ და სოციალურად დაუცველ ბავშვებში. საბავშვო ბაღებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების მხოლოდ 33 პროცენტი დადის, რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მხოლოდ 39.7 პროცენტი ახერხებს სკოლამდელი განათლების მიღებას.

UNICEF-ის ადრეული ასაკის განათლების ოფიცერმა ანა ჯანელიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ სკოლამდელი განათლება ბავშვის სრულფასოვანი სოციალურ-ინტელექტუალური განვითარებისთვის აუცილებელია. როგორც მან საკრებულოს წევრ ქალთა ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვის გამოსვლისას განმარტა, სტატისტიკურად, ის ბავშვები, რომლებიც სკოლამდელ განათლებას იღებდნენ, უფრო ხშირად აბარებენ უნივერსიტეტებშიც.

ანა ჯანელიძის მოსაზრებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე პრივილეგირებული ოჯახების ბავშვებისთვის.

“ეს მნიშნველოვანი სტიმულია, რაც მათ სხვა გარემოში აკლიათ და ბაღს შეუძლია ამ სტიმულის კომპენსირება. აღნიშნული კი აუცილებელია, რომ ბავშვები სათანადოდ განვითარდნენ. ამის გათვალისწინებით, ხელმისაწვდომობის დაფარვის პროცესში, სწორედ ეს ჯგუფები უნდა იყოს პრიორიტეტული”, –  ამბობს ანა ჯანელიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

UNICEF-ის ანგარიშის მიხედვით, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა განსხვავდება არამხოლოდ სოციალური სტატუსით, არამედ რეგიონების მიხედვითაც. მაგალითად, თბილისში მცხოვრებ ბავშვთა 89.1 პროცენტი სკოლამდელ განათლებას იღებს, თუმცა ქვემო ქართლში ეს მაჩვენებელი, 50.1 პროცენტს უტოლდება.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ცალკე პრობლემად გამოყოფს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა წილს სკოლამდელ განათლებაში. როგორც 2018 წლის ანგარიშში წერია, ძირითადი ბარიერები, რომლებსაც შშმ ან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები აწყდებიან, არის არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, გადაჭედილი ჯგუფები, სოციალური სტიგმა ბავშვებს შორის და აღმზრდელების მხრიდან პროფესიული ცოდნის ნაკლებობა.

განათლების ხარისხი

როგორც ანა ჯანელიძემ ნეტგაზეთს უთხრა, გაცილებით რთული და კომპლექსურია სკოლამდელი განათლების სისტემაში პერსონალის კვალიფიკაციის ხარისხი. მაგალითად, სისტემაში მომუშავე აღმზრდელების მხოლოდ მესამედს აქვს სკოლამდელ განათლებაში უმაღლესი დონის კვალიფიკაცია, მეოთხედს- პროფესიული (კოლეჯი), 45 პროცენტს კი საერთოდ არ აქვს სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული განათლება.

ჯანელიძი თქმით, ამ სფეროში პრაქტიკულად არ არსებობს პროფესიულად  განვითარების შესაძლებლობი. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში ახლა მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა, იმ ადამიანებს, ვინც განათლება 20-30 წლის წინ მიიღეს, მათ შორის, აღმზრდელებს, თანაშემწეებს, დირექტორებს, მეთოდისტებს, სპეცპედაგოგებსა და ფსიქოლოგებს, დღემდე არ ჰქონიათ ახალი მიდგომებისა თუ ცოდნის მიღების საშუალება.

UNICEF-ის ინფორმაციით, 64 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმზრდელების უმეტესობა მოტივირებულია, გაიაროს შესაბამისი ტრენინგები, თუმცა სახელმწიფო მათ გადამზადებას უფასოდ არ სთავაზობს, ხოლო  ხელფასების სიმცირის გამო კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო კურსებს თავად ვერ გადიან.

“ამასთანავე, აუცილებლად აღსანიშნავები არიან საბავშვო ბაღების ფსიქოლოგები და სპეცპედაგოგები. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ პოზიციებზე სულ სხვა დარგის სპეციალისტები მუშაობენ.

ხშირად, ფსიქოლოგისა და სპეცპედაგოგის როლი პოზიციასავით არის აღქმული და არ გულისხმობს, რომ ამ პირებს შესაფერისი განათლება უნდა ჰქონდეთ. ბავშვთან მუშაობა ძალიან სენსიტიური საკითხია და, ბუნებრივია, პერსონალს მოეთხოვება ძალიან სიღრმისეულად იცოდეს, თუ როგორ იმუშაოს ბავშვებთან”, – დასძენს განათლების ოფიცერი.

პერსონალთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის ანა ჯანელიძე სამუშაო პირობებსაც ასახელებს. UNICEF-ის მონაცემებით, 2017 წლის კვლევის თანახმად, საბავშვო ბაღის აღმზრდელის ხელფასი საშუალოდ 336 ლარია. შედარებისთვის, სასწავლო სექტორში საშუალო ხელფასი 534.2 ლარია, ხოლო ქვეყნისა და სხვადასხვა სექტორების მასშტაბით – 940 ლარი.

“სამუშაო პირობებში პრობლემურია ის, რომ პერსონალს დაახლოებით 9-დან 6-მდე შესვენების გარეშე უწევს მუშაობა. ამას ემატება ისიც, რომ მსხვილი ქალაქებისთვის ერთ ჯგუფში 40-დან 60 ბავშვამდეა. სამუშაო პირობები არის ძალიან რთული. შესაბამისად, ის მეთოდები, რასაც  პერსონალი იყენებს სწორედ იმიტომ, რომ როგორმე გაუმკლავდეს გადატვირთულ ჯგუფს, ბავშვის განვითარებისთვის შეუსაბამოა”, – ამბობს ჯანელიძე. 

მისივე განმარტებით, გადატვირთულობის გამო ხშირად ვლინდება ძალადობის ფაქტებიც. ამიტომ, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ არასაკონტაქო საათები, როდესაც ისინი შეძლებენ სამუშაოს დაგეგმავს, ამა თუ იმ საკითხის თანამშრომლებთან განხილვას და ა.შ.

UNICEF-ის ანგარიშის მიხედვით, კვლევამ, რომელიც 56 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტთა 62.5% თითო ბავშვის საგანმანათლებლო რესურსებზე (იგულისხმება წიგნები, ფურცლები, სათამაშოები და ა.შ.) 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს. მათ შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები თითო ბავშვზე 0.73 და 1.1 ლარია.

ამასთანავე, ანგარიშის მიხედვით, გამოკვლეულ მუნიციპალიტეტებს შორის საბავშვო ბაღთა 52.2%-ს სპეციფიკური პედაგოგიური მიდგომა და პროგრამა შედგენილი არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი