ახალი ამბები

NAEC-ის და სხვა სსიპ-ების დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირობები გამარტივებულია

24 სექტემბერი, 2018 • 4066
NAEC-ის და სხვა სსიპ-ების დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირობები გამარტივებულია

განათლების სამინისტრო  სსიპ – ების ხელმძღვანელების კონკურსს ახალი, უფრო გამარტივებული სააკვალიფიკაციო მოთხოვნებით ატარებს. განცხადების მიღების ვადა ამოწურულია, თუმცა კონკურსი ჯერ არ დასრულებულა და გასაუბრების ეტაპი იწყება.

სამინისტროს გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორების შესარჩევად.

უწყების შემადგენლობაში შემავალი სსიპ – ების ხელმძღვანელი პირების შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები 2018 წლამდე რეგულირდებოდა მინისტრის 2013 წლის ბრძანებით .

თუმცა ამჟამად ჩატარებულ კონკურსში დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები უფრო მსუბუქი და 2013 წლის ბრძანებით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსაბამო იყო.

ნეტგაზეთს განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ მინისტრის 2013 წლის ბრძანებით რეგულირებული მოთხოვნები ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეცვალეს 2018 წელს. მათივე განმარტებით, ცვლილება საჯარო არ არის და შინაარსის გასაცნობად სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის ფორმით უნდა გამოვითხოვოთ. ზუსტად როდის მიიღეს ეს აქტი, ამ კითხვას განათლების სამინისტროში არ პასუხობენ. სსიპ – ების დირექტორებზე განცხადებების მიღება 23 სექტემბერს დამთავრდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის შემთხვევაში სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კონკურსში საკვალიფიკაციო მოთხოვნები ასე გამოიყურება:

მაგისტრის ხარისხი, საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. მოთხოვნებში ასევე მითითებულია, რომ კანდიდატმა სასურველია იცოდეს ინგლისური და რუსული ენები.

გამოცდების ცენტრის მომავალი ხელმძღვანელის ანაზღაურება თვეში 7 500 ლარი იქნება. ეს თანხა მცირეა, თუ მას უკვე ყოფილი დირექტორის, მაია მიმინოშვილის ხელფასს შევადარებთ. დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მიმინოშვილი ყოველთვიურად  დაახლოებით 11 ათას ლარს იღებდა.

ეს საკვალფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება იმ კრიტერიუმებისგან, რომლებსაც ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორს მინისტრის 2013 წლის ბრძანება უწესებდა.

2013 წლის ბრძანების თანახმად, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა:

  •  უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • პედაგოგიური/სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება;
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ფართომასშტაბიანი ტესტირებების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება;
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) ცოდნა;
  • უცხოური ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

ამ შემთხვევაშიც განაცხადის წარდგენის ვადა 23 სექტემბერს ამოიწურა. სამინისტრო კანდიდატებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უწესებდა:

მაგისტრის ხარისხი, საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. რაც შეეხება უცხო ენების ცოდნის საკითხს, ამ შემთხვევაში მითითებულია, რომ სასურველია კანდიდატმა იცოდეს ინგლისური და რუსული ენები.

2013 წელს მიღებული წესი, რომელიც ცენტრის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს, კანდიდატებს გაცილებით მეტ მოთხოვნებს უყენებდა:

  •  სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 7 წელი;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მათ შორის განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ინსტიტუტებთან)  თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ადგილობრივი/საერთაშორისო პროექტების მართვის გამოცდილება;
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office
    PowerPoint, Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

ცენტრის დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 6200 ლარი იქნება. ყოფილი დირექტორის, თამარ სანიკიძის დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მისი თვიური ანაზღაურება 4 586 ლარი იყო.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი ამ შემთხვევაშიც არ პასუხობს 2013 წლის ბრძანებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მსურველებს უწყება იმავე მოთხოვნებს უყენებს:

ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

მინისტრის 2013 წლის ბრძანებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამონათვალი კი უფრო ვრცელი იყო:

  • უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • განათლების სფეროში არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office
    PowerPoint; Microsoft Office Outlook) ცოდნა;
  • უცხო ენის (ინგლისური) კარგად ცოდნა;
  • ხელმძღვანელ ან ჯგუფის ლიდერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საქართველოს განათლების სისტემის მართვის მოდელის ცოდნა
  • განათლების სისტემის დაგეგმვისა და პოლიტიკის შემუშავების ბაზისების ცოდნა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თვიური ხელფასი 4850 ლარი იქნება. ცენტრის  ყოფილ დირექტორს ბოლო დეკლარაცია 2017 წლის ოქტომბერში აქვს შევსებული. ამ მონაცემების მიხედვით, 2016 წელს მაჩაბელი თვეში 5 830 ლარს იღებდა.


10 სექტემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მათთან ერთად თანამდებობები მინისტრის ორმა მოადგილემ დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი