პორშე დიზელზე მომუშავე მანქანების წარმოებას წყვეტს

გერმანული კომპანია პორშე დიზეზლე მომუშავე მანქანების წარმოებას წყვეტს. როგორც BBC წერს, ამიერიდან პორშე  მხოლოდ ბენზინზე მომუშავე ელექტრო და ჰიბრიდულ მანქანებს აწარმოებს.

პორშეს ეს გადაწყვეტილება ფოლკსვაგენის გარშემო ატეხილ სკანდალს მოჰყვა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დიზელის ძრავიანი ავტომობილების ეკოლოგიური შემოწმების შედეგებს აყალბებდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი დიზელის ძრავის გამოყენების დემონიზებას არ ისახავენ მიზნად. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმი აცხადებს, რადგან პორშეს ძირითადი მიმართულება სპორტული ავტომობილების წარმოებაა, დიზელი მათთვის ყოველთვის მეორე ადგილზე იყო.

როგორც ბლუმი აცხადებს, სპორტულ მანქანებში ბენზინზე მომუშავე ძრავები უფრო მისაღებია. გარდა ამისა, პორშე დიზელზე მომუშავე ძრავებს თავად არ ამზადებდა, კომპანია მათ აუდისგან ყიდულობდა.

მიუხედავად ამისა, ბლუმი ამბობს, რომ დიზელის კრიზისმა პორშეც დააზარალა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.