ახალი ამბები

იმედია, მარიხუანის კულტივაციის კანონს არ მიიღებენ – ილია მეორე

23 სექტემბერი, 2018 • 2193
იმედია, მარიხუანის კულტივაციის კანონს არ მიიღებენ – ილია მეორე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე იმედოვნებს, რომ მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი არ მიიღებს. ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ “მარიხუანა ადამიანისთვის დამღუპველია”.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს პარლამენტს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება ეს მიღებული. იმედია, რომ მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება. შევთხოვთ უფალს რომ უფალმა ისმინოს ჩვენი ლოცვა და უფალმა შთააგონოს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს საჭიროა. საჭიროა მისი გაწვევა,“-განაცხადა ილია მეორემ.

გუშინ, 23 სექტემბერს, “რუსთავი2”-ის ეთერში ზემოაღნიშნულ საკითხზე საუბრისას, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა აღნიშნა, რომ კანონპროექტზე “გადაწყვეტილების მიმღებ პირთან” ჰქონდა შეხვედრა, თუმცა მისი ვინაობა სასულიერო პირმა არ დააკონკრეტა.

პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა 16 სექტემბერს გადაიდო. ამის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოების უკეთ ინფორმირება დაასახელა.

კობახიძის განცხადებას წინ კანონპროექტის წინააღმდეგ სასულიერო პირებისა და მრევლის მსვლელობა, 15 სექტემბრის ღამით კი ამავე თემაზე საპატრიარქოში ჩატარებული საგანგებო თათბირი და თბილისის საკრებულოს შენობის წინ გამართული პარაკლისი უძღოდა. პარაკლისი თავისუფლების მოედანზე სასულიერო პირებმა, მათ შორის, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებმა აღავლინეს და კანონპროექტი გააკრიტიკეს.

უკვე 20 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაინახავს, სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის მოყვანის კანონპროექტი საზოგადოებისთვის საზიანოა, მას პარლამენტიდან გაიწვევენ.

კანაფის ექსპორტი “მილიარდიანი პოტენციალით”: რა იგეგმება რეალურად?

მასალების გადაბეჭდვის წესი