ახალი ამბები

“პანკისობა” ჩაიშლება იქამდე, სანამ სიმართლე არ დადგინდება” – საპროტესტო აქცია დუისში

22 სექტემბერი, 2018 • 2717
“პანკისობა” ჩაიშლება იქამდე, სანამ სიმართლე არ დადგინდება” – საპროტესტო აქცია დუისში

პანკისში, სოფელ დუისში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის წევრები, ძირითადად ადგილობრივი მკვიდრნი, “პანკისობის” აღნიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ და მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას,  მალხაზ მაჩალიკაშვის კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა.

“პანკისობა” როგორც წესი, ყოველწლიურად, შემოდგომისას იმართება. თუმცა, ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც მთავრობაა და რომელიც დღეს, 22 სექტემბერს უნდა გამართულიყო, ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩაშალა. მათი თქმით, სანამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილში დამნაშავეები არ დაისჯებიან, იქამდე ისინი არ დაუშვებენ, რომ ხელისუფლებამ სოფელში გასართობი ღონისძიებები წარმართოს.

“პანკისობა 2018” გადაიდო “პანკისობა 2048-მდე” … და ასე იქნება მანამ, სანამ სიმართლე არ დადგინდება,” – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

“პანკისობა 2018-თვის” არაერთი ღონისძიება იყო დაგეგმილი. Reginfo-ს ინფორმაციით, დღეს 22 სექტემბერს, დუისში  გასართობი, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მათ შორის დოღიც, უნდა გამართულიყო.

გარდა ამისა ღონისძიებაზე პანკისში ჩასვლას რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აპირებდნენ.

თუმცა, მოსახლეობის პროტესტის შედეგად “პანკისობა 2018” აღარ გაიმართა. ღონისძიებას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დილიდან აპროტესტებდა.

„იმ სცენაზე თუ ვინმე ავა, პირველი ავალ მე, მედიკო მარგოშვილი. ხელს შევუშლი, ჩემი შვილის საფლავთან ამათ არ ვაცეკვებ. ორ ნაბიჯში თემირლანის საფლავია. გვილხინს?! ამათი ცეკვისა და ტაშ-ფანდურის გული გვაქვს?!“, – განუცხადა მაჩალიკაშვილის დედამ პანკისის სათემო რადიოს.


თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა.

ბოლო რამდენიმე თვეა თემირლანის სიკვდილს, მოკლულის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციებით აპროტესტებს. პროსტესტი პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობს. მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სამართლიანობის აღდგენას ორივე საქმეზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი