ახალი ამბები

“პანკისობის” პარალელურად იგეგმება საპროტესტო აქცია მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად

21 სექტემბერი, 2018 • 1634
“პანკისობის” პარალელურად იგეგმება საპროტესტო აქცია მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად

გამოცემა რეგინფო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 22 სექტემბერს პანკისში ხელისუფლების მიერ დაგეგმილი გასართობი ღონისძიება პანკისობა- 2018 შესაძლოა ჩაიშალოს. რადიოს თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილი პირობას დებს, რომ კანონის ფარგლებში ყველაფერს იღონებს, რათა ღონისძიება არ ჩატარდეს.

“მთავრობა პანკისის ხეობაში სანამ გასართობ კონცერტებს დაგეგმავს და ჩაატარებს, მანამდე უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ მოკლეს 19 წლის თემირლანი”, — უთხრა მაჩალიკაშვილმა რეგინფოს.

საპროტესტო აქცია შაბათს, 2 საათზე იგეგმება, ზუსტად იმ ღონისძიების გვერდით, რაც მთავრობას აქვს დაგეგმილი.

ნეტგაზეთმა დაუყოვნებლივ ვერ მოახერხა მალხაზ მაჩალიკაშვილთან საუბარი. თუმცა ჩვენ ვესაუბრეთ სულხან ბორძიკაშვილს, აქტივისტს პანკისიდან, რომელმაც 21 სექტემბერს ჩაწერა მაჩალიკაშვილის მიმართვა ჩეჩნურ ენაზე, სადაც იგი პანკისელ მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდნენ მის მშვიდობიან აქციას.

ბორძიკაშვილის თქმით, უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, მეორე კვირაა, რაც მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ აპროტესტებს შვილის მკვლელობას, “მთავრობის წარმომადგენლები პანკისში მიდიან და ატარებენ ასეთ ღონისძიებას”.

“ჩემი აზრით, იმ დროს, როცა ვახა დგას პარლამენტის წინ და ცდილობს სიმართლის გარკვევას, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია ასეთი სახის ღონისძიებაზე წასვლა”, — დაწერა ბორძიკაშვილმა ფეისბუკზე.

21 სექტემბერს, მისივე თქმით, პანკისის ხეობის ერთ-ერთი ბაღის მასწავლებლებს დაავალეს, ღონისძიებაზე აუცილებლად მისულიყვნენ.

ბორძიკაშვილის აზრით, ახლა, როცა “თემირლანის მკვლელობის საქმე ჯერაც გამოუძიებელია”, მალხაზი კი პარლამენტის წინ უკვე მეორე კვირაა დგას სიმართლის გარკვევის მოთხოვნით, მიუღებელია ასეთ ღონისძიებაზე წასვლა.

მაჩალიკაშვილი, თავის მხრივ, პანკისელებს სთხოვს, ნუ მივლენ “პანკისობაზე”.

რეგინფოს ცნობითვე, ხვალისათვის რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი — პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრის გახსნა, სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებები და ა.შ.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი