ახალი ამბები

ესწრებოდა თუ არა პარლამენტში ხორავას საქმის განხილვას 74 დეპუტატი

21 სექტემბერი, 2018 • 1753
ესწრებოდა თუ არა პარლამენტში ხორავას საქმის განხილვას 74 დეპუტატი

“ევროპული საქართველოს” წევრი, ვიცესპიკერი სერგი კაპანაძე ფეისბუკზე წერს, რომ მისი დაკვირვებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ “ოცნების” რეზოლუციაზე ხმის მიცემისას პარლამენტის დარბაზში გაცილებით ნაკლები დეპუტატი იმყოფებოდა, ვიდრე ეს ეკრანზე გამოსახულ ხმათა რაოდენობაში იყო ასახული.

კაპანაძის აზრით, ეს იმით აიხსნება, რომ დეპუტატები “ცარიელ დარბაზში სხვის პულტებს აჭერენ ხელს და ასე იღებენ გადაწყვეტილებებს”.

ხორავას საქმეზე დადგენილების კენჭისყრისას კამერის იმ ხედით, რაც პარლამენტის საიტზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა,  ნამდვილად არ ჩანს 74 ადამიანი, როგორც ამას აჩვენებს ეკრანი, სადაც ხმათა რაოდენობაა დაფიქსირებული.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა გიორგი კახიანს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს.

“რა თქმა უნდა, ვიყავი სხდომათა დარბაზში და ვიღებდი კენჭისყრებში მონაწილეობას, მაგრამ ძალიან გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა. ზოგადად, კენჭისყრის შედეგები აისახება ტაბლოზე და ამ შედეგებით ვხელმძღვანელობთ. რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ თუ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ შედეგებს, შესაბამისი პროცედურები არის გაწერილი რეგლამენტში და შესაბამისი რეაგირება მიეცემა, როგორც წესი. საკითხის შესწავლა ხდება”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რამდენად არსებობს შანსი, რომ დეპუტატებმა სხვის ნაცვლად მისცეს ხმა, კახიანმა გვიპასუხა: “ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ არ ვიცი, რა კადრი ნახეთ, შეიძლება მთელი დარბაზი არ იყო მოქცეული იმ კადრში, ყველგან სხედან დეპუტატები, უკანაც, წინაც. ასე მართლა ვერაფერს გეტყვით”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ ანულირდება პარლამენტის გადაწყვეტილება საჩივრის შეტანის შემდეგ, კახიანმა გვიპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ხმა იყო საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად (კვორუმი) და რეალურად რამდენმა დეპუტატმა მისცა ხმა.

ხორავას საქმეზე დადგენილების მისაღებად კვორუმი 50 ხმა იყო, შესაბამისად, გადაწყვეტილება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ანულირდეს, თუკი დამტკიცდა, რომ ამ დროს დარბაზში არ იმყოფებოდა 50 დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა დადგენილებას. ხოლო თუ დადგინდა, რომ დეპუტატმა სხვის ნაცვლად მისცა ხმა, დაჯარიმდება და ხელფასიდან თანხის გარკვეული რაოდენობა ჩამოეჭრება.

პარლამენტის ვებსაიტზე პირდაპირ ეთერში კამერის აღნიშნული ხედით დარბაზში 31 ადამიანი ჩანს.

დღეს, ხორავას საქმის გარდა, სხვა საქმეებზეც უყარეს კენჭს პარლამენტში, მათ შორის ახალი რეგლამენტის მიღებას, რითაც პარლამენტი მთლიანად გადმოდის ქუთაისიდან თბილისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი