ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ სურს დეპუტატ ჯაშს სასწავლებელთა ნაწილისთვის ავტორიზაციის გახანგრძლივება

22 სექტემბერი, 2018 • 5590
რატომ სურს დეპუტატ ჯაშს სასწავლებელთა ნაწილისთვის ავტორიზაციის გახანგრძლივება

რატომ  დაურეკა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა ავტორიზაციის ექსპერტს ახლობლის სასწავლებლის გამო და რისთვის სურს  სასწავლებლების ნაწილისთვის ავტორიზაციის გახანგრძლივება? “ნეტგაზეთისთვის” ცნობილი გახდა, რომ  სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით 2017 წლის დეკემბერში დეპუტატმა დაურეკა ავტორიზაციის ექსპერტ ლიკა ღლონტს.

მარიამ ჯაში ერთ-ერთი ავტორია კანონპროექტისა, რომელიც პარლამენტში ცხარე დისკუსიის საგანი გახდა, რის შედეგადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მისი განხილვა გადადო.  

კანონპროექტით, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, უმაღლეს სასწავლებელთა ნაწილს ავტორიზაცია 2020 წლამდე გაუხანგრძლივდებათ.

კანონპროექტი პარლამენტში 17 სექტემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა მასში ნეპოტიზმის ნიშნები დაინახეს, 19 აგვისტოს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ  განაცხადა, რომ ამ სასესიო კვირაში პარლამენტი კანონპროექტს არ განიხილავდა. ამის მიზეზად ირაკლი კობახიძემ დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები დაასახელა.

კანონპროექტის ავტორები არიან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პარლამენტის წევრები- გენადი მარგველაშვილი, გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე.

ვის ინტერესშია დაგეგმილი ცვლილებები

“ევროპული საქართველოს” წევრ  სერგო რატიანის განცხადებით, კანონპროექტი ემსახურება კონკრეტული უნივერსიტეტების ინტერესებს. პარლამენტის წევრის თქმით, ეს ორი უნივერსიტეტი არის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და ევრორეგიონული უნივერსიტეტი.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაციის ვადა 2018 წლის 17 სექტემბერს გაუვიდა. უნივერსიტეტის მოთხოვნით, 16 სექტემბერს დაგეგმილი ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც მისი ავტორიზაციის საკითხი უნდა განხილულიყო, გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზად სასწავლებელი დროს ასახელებს, რაც მათი თქმით, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისთვის სჭირდებათ.  17 სექტემბერს კი პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სასწავლებლებისთვის ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მარიამ ჯაშის ნათესავი, მამიდის ქმარი მუშაობს. ის უნივერსიტეტში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას ხელმძღვანელობს. ნეტგაზეთთან საუბრისას გაიოზ ნადირაშვილი ამბობს, რომ უნივერისეტში უკვე 12 წელია, რაც მუშაობს. რაც შეეხება ავტორიზაციის საკითხს, როგორც ის ამბობს, ამ საკითხის შესახებ მარიამ ჯაშთან არ უსაუბრია.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ნეპოტიზმის საკითხს უარყოფს და აცხადებს, რომ ცვლილება არ ეხება კონკრეტულ უნივერსიტეტებს.  “ჩემი ნათესავი გაიოზ ნადირაშვილი იმ უნივერსიტეტში მოღვაწეობს, რომელიც ავტორიზაციის პროცესს გადის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო ინიციატივას არ უკავშირდება”, – ამბობს მარიამ ჯაში.

ამ უნივერსიტეტში ექსპერტთა ვიზიტი უკვე განხორციელდა. ამ ეტაპზე სასწავლებელში არ საუბრობენ ექსპერტთა დასკვნის შინაარსის შესახებ. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმის გამოქვეყნებამდე კი უმაღლესი სასწავლებლების შესახებ ექსპერტთა დასკვნა საჯარო არ არის.

თუმცა დიანა ლეჟავა, რომელიც თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ავტორიზაციის ექსპერტი იყო, ამბობს, რომ  სასწავლებლის შესახებ ექსპერტების მიერ მომზადებილი დასკვნა ნეგატიურია. ერთ – ერთი დარღვევა, რის შესახებაც ექსპერტი საუბრობს, არის ის, რომ ქართულენოვან პროგრამებზე აზერბაიჯანიდან ჩამოსული 100 – ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. დიანა ლეჟავას თქმით, ამ სტუდენტებმა ქართული ენა არ იციან.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მათი დასკვნის საფუძველზე სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდეს, ის ამბობს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა დასკვნა საკმაოდ მძიმეა.

“16 სექტემბერს დაგეგმილი იყო ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელიც უნივერსიტეტის მოთხოვნით გადაიდო. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა დამატებითი არგუმენტების წარმოსადგენად დრო ითხოვა. საბჭომ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტისთვის დამატებითი დრო მიეცა. სანამ ცენტრი ამ დასკვნას არ გაასაჯაროებს, მის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა პოზიტიური დასკვნა ნამდვილად არ არის. უნივერსიტეტთან ძალიან მძიმე შენიშვნები გვქონდა” – ამბობს ავტორიზაციის ექსპერტი.

დიანა ლეჟავას თქმით, თუ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ავტორიზაციის მიღების პროცესს გადაურჩება, უნივერსიტეტი 2020 წელსაც ვერ შეძლებს ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას. მისივე ინფორმაციით, ექსპერტთა ჯგუფში ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტიც იყო.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ აზერბაიჯანელი სტუდენტები ქართულენოვან პროგრამებზე არ სწავლობენ. უნივერსიტეტი მათ ერთწლიან ქართული ენის შემსწავლელ კურსს სთავაზობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთწლიანი კურსის დასრულების შემდგომ ამ სტუდენტებს შეუძლიათ ნებისმიერ უნივერსიტეტში განაგრძონ სწავლა. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სტუდენტები თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის გზით ხვდებიან.

2018 წლის 17 სექტემბერს ავტორიზაცია ამოეწურა ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტსაც. ამ უნივერსიტეტის შემთხვევაშიც ავტორიზაციის საბჭოს სხდომა  16 სექტემბერს იყო დაგეგმილი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ საბჭოს სხდომა უნივერსიტეტის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.

შედეგად, 16 სექტემბერს სამი უნივერსიტეტიდან სხდომის გადადება მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა არ მოითხოვა. სხდომაზე საბჭომ ამ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა.

კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ამ პერიოდში გასდით ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა, ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული დრო არ მიეცათ.

მარიამ ჯაშის თქმით, საკანონმდებლო წინადადება შეიმუშავეს განათლების ახალი ხედვიდან გამომდინარე.

დეპუტატის ინფორმაციით, უნივერსიტეტები, მათ შორის ისინიც, ვინც ავტორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარა, გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობენ. ჯაში აცხადებს, რომ 2020 წლამდე ავტორიზაციის გახანგრძლივების საკანონმდებლო ინიციატივა მინისტრის ახალ გეგმებს პასუხობს.

იმისათვის, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სტანდარტების დასანერგად გარკვეული დრო ჰქონოდათ, 2017 წელს ერთი წლით უკვე გაუხანგრძლივდათ ავტორიზაციის პროცესი. მოქმედი კანონმდებლობით ავტორიზაცია 5 წლის ნაცვლად 6 წელია. ამ ეტაპზე ავტორიზაცია 30 – მდე უნივერსიტეტს აქვს გასავლელი.

[red_box]ინფორმაციის მიღება თუ კონკრეტული უნივერსიტეტის ლობირება[/red_box]

კითხვაზე, ოდესმე დაურეკავს თუ არა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელებთან რომელიმე უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხზე,  მარიამ ჯაში პასუხობს, რომ არცერთი უნივერსიტეტისთვის არ გაუწევია ცენტრში ლობირება. განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ცენტრში მხოლოდ ამა თუ იმ უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით რეკავდა.

2018 წლის თებერვალში ავტორიზაციის საბჭომ თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატეს ავტორიზაცია გაუუქმა. ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამების არათანმიმდევრულობით, სასწავლო პროცესის ხარვეზებით წარმართვისა და ფინანსური არასტაბილურობით ახსნა.

სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატეში ავტორიზაციის ექსპერტი იყო ლიკა ღლონტი, რომელიც Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორია.  მისი თქმით, 2017 წლის დეკემბერში მარიამ ჯაშმა დაურეკა და ჰკითხა, რამის გაკეთება თუ შეიძლებოდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. ლიკა ღლონტის განმარტებით, პარლამენტის წევრმა მას უთხრა, რომ სასწავლებლის რექტორი იყო მარიამ ჯაშის დედის ახლობელი. ავტორიზაციის ექსპერტი ამბობს, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მარიამ ჯაშმა მსგავსი თხოვნით დაურეკა.

“ამ სასწავლებლის გამო ის ძალიან შეწუხებული იყო. მე ავუხსენი, რომ “ჰიპოკრატეში” ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და ამ თხოვნით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებდა თავს. მან მაშინვე შეწყვიტა ამ საკითხზე საუბარი. ხუთ წუთში გადმომირეკა და მთხოვა, დამევიწყებინა ეს ზარი. მაშინ ნამდვილად ჩავთვალე, რომ რაღაც შეეშალა, თუმცა ახლა, როცა მისი ინიციატივით კანონში ცვლილებები შედის და არათანაბარ პირობებში სურთ ზოგიერთი უნივერსიტეტის ჩაყენება, ეჭვი მიჩნდება, რომ ზემოქმედება არ გამოვიდა და ამიტომ ხდება საკანონმდებლო გზით გარკვეული სასწავლებლების ლობირება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ლიკა ღლონტმა.

ლიკა ღლონტთან დარეკვის ფაქტს მარიამ ჯაში არ უარყოფს. მისი თქმით, მხოლოდ უნივერსიტეტში არსებული ვითარების გაგება სურდა. ჯაში განმარტავს, რომ სხვა ნებისმიერი სასწავლებლის თხოვნის შემთხვევაშიც ასე მოიქცეოდა. კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ თუ კითხვები ჩნდება რომელიმე სასწავლებელთან დაკავშირებით, ავტორიზაციის ექსპერტებთან დაკავშირება და მათგან დამატებითი ინფორმაციის მიღება სავსებით სამართლიანია.

“ჩემი პოზიცია ჰიპოკრატესთან დაკავშირებით ცალსახა იყო, რომ თუ უნივერსიტეტი ავტორიზაციის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მაშინ გადაწყვეტილება ცალსახა უნდა ყოფილიყო. ამ სასწავლებელზე ქალბატონ ლიკას ნამდვილად ვესაუბრე, მაგრამ მისთვის მხარდაჭერა არ მითხოვია. მე არასდროს არცერთი ექსპერტისთვის მხარდაჭერა არ მითხოვია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მარიამ ჯაშმა.

განათლების სამინისტროს პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით

განათლების სამინისტრო კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებს ემხრობა. უწყებაში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები სამინისტროს განვითარების სტრატეგიულ გეგმას ემთხვევა.

რა შენიშვნები აქვთ ცვლილებებთან დაკავშირებით ექსპერტებს

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების ნაწილის შეფასებით, დაუშვებელია ამ კანონპროექტის მიღება. ამის მიზეზად რვა ექსპერტი ასახელებს უმაღლესი სასწავლებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას. ექსპერტები განმარტავენ, რომ 2017 წელს ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივების მიზანი  ის იყო, რომ უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი სტანდარტების დასანერგად საკმარისი დრო ჰქონოდათ. მათი განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებო ცვლილებები ეჭვს ბადებს, რომ ის ცალკეული უმაღლესი სასწავლებლების ინტერესებს ემსახურება.

ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საერთაშორისო ორგანიზაციაში (ENQA, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაცია)  გაწევრიანება სურს. საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით,  2018 წლის 21 აგვისტოს თვითშეფასების ანგარიში წარადგინა.

ENQA-ში გაერთიანებულია ევროპის 90-მდე ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო. ცენტრის ინფორმაციით, ENQA წევრ ორგანიზაციებს უზიარებს ინფორმაციას, გამოცდილებასა და საუკეთესო მაგალითებს უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების მტკიცებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციაში გაწევრიანება ვეღარ მოხდება, რადგან ENQA-ში გაწევრიანების მიზნით წარდგენილი ოფიციალური განაცხადი და ყველა დოკუმენტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისია.

რა არის ავტორიზაცია

ავტორიზაცია არის ინსტიტუციონალური შეფასება, რომელიც განსაზღვრავს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან.

იმ უმაღლესმა სასწავლებლებმა, რომლებსაც ავტორიზაციის მიღება სურთ,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ავტორიზაციის პროცესი უნდა გაიარონ. ავტორიზაციაზე უმაღლესი სასწავლებლები განაცხადს აკეთებენ ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე.

პროცედურის მიხედვით, ცენტრი რამდენიმე კვირის განმავლობაში სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მათთვის გაგზავნილ დოკუმენტაციას. შემდეგ კონკურსის შედეგად იქმნება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.

შერჩეული ექსპერტები ადგენენ საგანმანეთლებლო დაწესებულებების უმაღლესი განათლების ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობას. დასკვნის მომზადების პროცესში ექსპერტები უმაღლეს სასწავლებლებს სტუმრობენ. ექსპერტთა მიერ მომზადებულ დასკვნას ავტორიზაციის საბჭო განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის მინიჭების შესახებ. ექსპერტთა შემადგენლობაში შედიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი