ახალი ამბები

“ჰიდროელექტროენერგიის დიდი რესურსები გვაქვს” – ქობულია ბლოკჩეინზე

21 სექტემბერი, 2018 • 3232
“ჰიდროელექტროენერგიის დიდი რესურსები გვაქვს” – ქობულია ბლოკჩეინზე

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები ბიზნესის წარმოებისთვის და გვაქვს ასევე ელექტროენერგიის, კერძოდ, ჰიდროელექტროენერგიის საკმაოდ დიდი რესურსები“, – ამის შესახებ გიორგი ქობულიამ თბილისში ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღევანდელი კონფერენცია იმის დამადასტურებელია, რომ ძალიან ძლიერი კომპანიები და სერიოზული ინვესტორები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ამ ბიზნესში მონაწილეობენ, საქართველოს სერიოზულად უყურებენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა – ეს წაგვადგება არამარტო ეკონომიკის განვითარებაში, არამედ ჩვენი, ადამიანური ინტელექტუალურ- ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებაში, რადგან ეს სფერო დაკავშირებულია მაღალ ტექნოლოგიებთან. ამ მიმართულებით რაც უფრო მეტი კომპანია და მეტი ინვესტიცია იქნება, მით უფრო მეტი გვეყოლება მაღალკვალიფიციური კადრი. შესაბამისად, უნდა მივესალმოთ ასეთ კოოპერაციებს“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი, რომლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად გიორგი ქობულია დაესწრო, სამი დღის განმავლობაში თბილისში ჩატარდება და 1000-მდე ადამიანი დაესწრება, მათ შორის არიან მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.

“სამდღიანი სამიტის ფარგლებში გაიმართება საინტერესო დისკუსიები, სადაც კრიპტომაინერებსა და ბლოკჩეინის ენთუზიასტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს გაუზიარონ საინტერესო იდეები. სამიტს ბლოკჩეინ აპარატურებით უზრუნველყოფასა და პროგრამული სერვისების გაწევაში მსოფლიო ლიდერი Bitmain Technologies Ltd, „ბიტკანთან“ ერთად მართავს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი