ახალი ამბები

რა პრობლემა აქვს ვერისა და ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ კონკურსს

21 სექტემბერი, 2018 • 3064
რა პრობლემა აქვს ვერისა და ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ კონკურსს

თბილისის მერია ვაკის პარკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობამ საკონკურსო პირობები უკვე გაასაჯაროა, თუმცა მერიის მიერ დაყენებულ კრიტერიუმებს ფართო კრიტიკა მოჰყვა.

კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არარეალური პირობების გათვალისწინებით, არსებობს ეჭვი, რომ კონკურსი ერთ კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. ვაკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაციაზე პირველად გამოცემა Droa-მ დაწერა.

ნეტგაზეთი სტატიის გამოქვეყნებამდე დაუკავშირდა როგორც მოქანდაკე-მონუმენტალისტ ირაკლი ჟვანიას, ისე თბილისის მერიას, თუმცა მერიაში გვითხრეს, რომ საკონკურსო დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირი ამჟამად თბილისში არ იმყოფება. მერიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, ვერის ბაღის პროექტის სავარაუდო შესყიდვის თანხა 215 000 ლარია, ხოლო ვაკის პარკის შემთხვევაში – 475 000 ლარი. ამავე დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ პროექტი მიზნად ისეთ რეაბილიტაციას უნდა ისახავდეს, რომელიც მნიშვნელოვან ჩარევებსა და გადაკეთებებს არ ითვალისწინებს. საპირწონედ კი, სრულიად შეინარჩუნებს სარეკრეაციო ზონების ისტორიულ იერსახეს.

თუმცა მთავარი პრობლემა, რომელსაც ექსპერტები ხედავენ, ვადებია. საკონკურსო პირობებით, მიმწოდებელმა ვერის ბაღის შემთხვევაში ხელშეკურლების გაფორმებიდან 80 დღეში, ხოლო ვაკის პარკის შემთხვევაში – 90 დღეში უნდა მიაწოდოს პროექტი.

როგორც ირაკლი ჟვანიამ ნეტგაზეთს განუცხადა, აღნიშნულ ვადებში შეუძლებელია არათუ დასრულებული პროექტის წარდგენა, არამედ საჭირო კვლევების ჩატარებაც. 2014 წელს ირაკლი ჟვანიამ ვაკის პარკის შადრევნების რეაბილიტაცია ჩაატარა და მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია უკიდურესად რთულია.

“ეს მთელი ციკლი ვაკის პარკთან დავაკშირებით მე გავიარე და აღმოჩნდა, რომ ეს არის ურთულესი ობიექტი – არანაირი ნახაზი ვაკის პარკის კომუნიკაციების, საინჟინრო ქსელების, მიწისქვეშა კავშირების, კვანძების .. არაფერი მსგავსი არ არსებობს. შესაბამისად, თუ ეს არ არსებობს, პროექტირება 5-ჯერ მაინც უფრო რთულდება. ასეთი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში,  ტერიტორია მთლიანად თავიდან დასაგეგმია და მოსაფიქრებელი”, – განმარტავს ის.

ჟვანია ასევე გვიყვება, რომ მხოლოდ გეოლოგიური სინჯების ნიადაგიდან აღებისთვის მინიმუმ 1 თვეა საჭირო.

“მარტო გეოლოგიური სინჯები ნიადაგიდან რომ აიღო და ლაბორატორიაში წაიღო, ერთი თვე სჭირდება კვალიფიციური დასკვნის შედგენას. სწორედ ამ დასკვნაზე უნდა აიგოს შემდეგ მთელი დანარჩენი კონსტრუქციული, საინჟინრო და ა.შ. ნაწილი. ეგ არის ფიზიკურად გამორიცხული. 2 თვეზე მეტი სჭირდება იმისთივს, რომ არქიტექტორმა დააპროექტოს პატარა კოტეჯი. ვაკის პარკი არის უშველებელი ობიექტი, ურთულესი ობიექტი”, – გვითხრა ჟვანიამ.

მოქანდაკე-მონუმენტალისტის თქმით, მას არ უნდა დაიჯეროს, რომ საკონკურსო პროექტი წინასწარ გათვლილია რომელიმე კომპანიაზე. მისი თქმით, პირობების ასეთი შეუთავსებლობა არაპროფესიონალიზმის ბრალია.

“ასევე პრობლემურია კონკურსის საბჭო და კომისია. თქვენ თუ ნახავთ დოკუმენტაციას, საკონკურსო კომისია შედგება ძირითადად მერიის თანამშრომლებისგან, ხოლო სფეროს სპეციალისტებიდან მხოლოდ 5 ადამიანია შერჩეული. აქედან, თუ არ ვცდები, ერთი არის მოქანდაკე, ერთი არქიტექტორი, ორი არის ლანდშაფტის დიზაინი. პარკის ლანდშაფტური სახე რატომ უნდა განსაზღვროს ოთხმა ან ხუთმა ადამიანმა?!” – ამბობს ირაკლი ჟვანია.

ჟვანიას მოსაზრებით, საუკეთესო იქნება, თუ პროექტების განხილვაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთვება, თუნდაც, სოციალური ქსელით. გარდა ამისა, ირაკლი ჟვანია აღნიშნავს, რომ პროექტების წარდგენაში მონაწილეობის მიღება არ უნდა იყოს შეზღუდული.

“დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ისეთ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებს, რომლებიც სპეციალურ ბარიერადაა დაწესებული.

მაგალითად, მიმწოდებელს 2 პროექტი უნდა ჰქონდეს შესრულებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციაზე, თუმცა პარკის კარგი პროქტის შექმნისთვის წინაპირობად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მუშაობის აუცილებლობა უადგილოა. შეიძლება რომელიმე შპს-ს არ აქვს, მაგალითად, რომელიმე ტაძრის რესტავრაციაზე ნამუშევარი, თუმცა გაუშენებია კარგი სკევერები. აქ მთავარია, გესმოდეს საკითხი და სტანდარტი” ,- დასძენს ჟვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი