ახალი ამბები

ქუმსიშვილმა შესაძლოა ოქუაშვილსა და ლევან ყიფიანს სასამართლოში უჩივლოს

21 სექტემბერი, 2018 • 2209
ქუმსიშვილმა შესაძლოა ოქუაშვილსა და ლევან ყიფიანს სასამართლოში უჩივლოს

ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია მისი სახელის გამოყენება თანხისა და მანქანების უკანონო გამოძალვასთან დაკავშირებით.

“კატეგორიულად მოვითხოვ და ვთხოვ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საქმის და საკითხის გამოძიება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სახელი და რეპუტაცია, რომლის შელახვასაც სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები თუ ჯგუფები, მათ შორის ძალიან გავლენიანი ადამიანები ცდილობდნენ ადრეც და ცდილობენ ახლაც.

მე ვფიქრობ, რომ იქნება ორი იურიდიული ქმედება: ერთი, სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო, და მეორე – ლევან ყიფიანთან მიმართებაში”, – აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ ყოველთვის ებრძოდა სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მოსურნე ადამიანებს და ბოლო პერიოდში მის მიმართ აგორებული “შავ პიარიც” ამას უკავშირდება.

ტელეკომპანია “იბერიის” მფლობელ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი ვრცელდება. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი კომპანიისგან მანქანებსა და თანხას ითხოვს.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული ჯერ არ არის, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ფინანსთა მინისტრისთვის ითხოვს  სამ ავტომობილს-  მინი კუპერს, X4-სა და X5-ს. ჩანაწერში ნახსენებია ფინანსთა ორი ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ნოდარ ხადური. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი  ავტომობილებს ითხოვს დიმიტრი ქუმსიშვილისთვისა და ნოდარ ხადურისთვის. აღნიშნულთან კავშირს ხადურიც უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი