ახალი ამბები

“ომეგასთან” დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია – ხადური

21 სექტემბერი, 2018 • 2397
“ომეგასთან” დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია – ხადური

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ არც “ომეგა ჯგუფისგან” და არც სხვა კომპანიისგან არასდროს მოუთხოვია რამე. ასე გამოეხმაურა ხადური ფარულ ჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი “ომეგა ჯგუფისგან” მისთვის ავტომობილებს ითხოვს. ხადურის თქმით, ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს არ დაკავშირებია. ნოდარ ხადური განმარტავს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ საკითხში გარკვევას შეეცდება.

კითხვაზე, რატომ იყენებდა ლევან ყიფიანი მის სახელს, ნოდარ ხადური პასუხობს, რომ ეს მისთვის უცნობია. ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ მთავრობაში ყოფნის დროს “ომეგა ჯგუფთან” შეხება არ ჰქონია. მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტო თამბაქოს ბაზრის მონიტორინგს  ახორციელებს, მუშაობის პერიოდში კი, სხვა კომპანიების მსგავსად, “ომეგა ჯგუფისგანაც” მიიღეს ინფორმაცია.

“მინისტრობის დროს, ისე მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, არავისთან არაფორმალურ ურთიერთობაში არ შევსულვარ და არაფორმალური ვალდებულებები ჩემს წინაშე არ წარმოქმნია. მე ვიცავ კანონს და კანონის ფარგლებში ვიცავდი ბიზნესის ინტერესებს. არანაირი მანქანები მე არ ვიცი. საჭიროა დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ეს ჩანაწერი მართლაც რეალურია, ამ ჩანაწერთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია”, – აცხადებს ნოდარ ხადური.

ტელეკომპანია “იბერიის” მფლობელ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი ვრცელდება. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი კომპანიისგან მანქანებსა და თანხას ითხოვს.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული ჯერ არ არის, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ფინანსთა მინისტრისთვის ითხოვს  სამ ავტომობილს-  მინი კუპერს, X4-სა და X5-ს. ჩანაწერში ნახსენებია ფინანსთა ორი ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ნოდარ ხადური. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი  ავტომობილებს ითხოვს დიმიტრი ქუმსიშვილისთვისა და ნოდარ ხადურისთვის.

“ნეტგაზეთმა” დიმიტრი ქუმსიშვილთანაც სცადა დაკავშირება, თუმცა ყოფილმა მინისტრმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი